1
მე მენატრება ცხოვრება
პატიოსანი,
მაგრამ რა ვქნა, რომ გამათხოვრება
ბედის წყევლაა ქართველ მგოსანის.
მე მენატრება ბრწყინავდნენ
ისევ თვალები…
გაზაფხულიდან ზამთრის ყინვამდე
არ მასვენებენ ქვეყნის ვალები.
სურვილი დიდი როდია, –
მცირეოდენი…
მაგრამ ყოველდღე ჩემთან მოდიან
და აღწერების მოაქვთ ორდერი.
ფიქრი ირევა ჩემს თავში
როგორც მწერები,
რა მაქვს ქონება: ცოლი და ბავშვი,
ძაღლი და ცოტა ხელთნაწერები.
მეტყვიან: გული გქონიათ, –
წავა ნაჭრობით,
მაგრამ არსად არ გამიგონია,
გული გაჰყიდონ ვალში ვაჭრობით.
2
ნუ გეშინია, გულო, დარჩები
ყოველთვის ოქრო უზარმაზარი,
ვინ მისცემს ნებას, მართლა ჩარჩებმა
გამართოს „ძვირფას გულთა ბაზარი“.
ვინ მისცემს ნებას არჩეულ პოეტს
გაუნადგურონ ბუდე ნაგები,
ხალხის სიყვარულს თუ მოიპოებს
პოეტს მრავლად ჰყავს ამხანაგები.
რა არის ფული, რა არის ვალი,
მოწყენილობა და მწუხარება,
როდესაც ხალხის ხორცი და ძვალი
გადაქცეულა მშრომელ ხარებად,
ვინც გაიტაცა ახალ ძიებამ,
გადაქცეულან რკინის კაცებად,
ნუთუ პოეტებს გვეპატიება
აზნაურული გაზარმაცება.
ამხანაგებო, ნუ გეზარებათ
ჩამოცილება ძველი ფესვების,
დროა გადიქცენ ოქროს ზარებად
აცრემლებული ჩვენი ლექსები.