ზღაპარი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 20.08.1934

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ზღაპარი

აივანის წინ, ჭიხვინებს რაში,

გამოდის ვაჟი, და იმის მზერას

კიდევ გონია, თუ ფანჯარაში

მაღალ კოშკიდან პირიმზე ზვერავს;

ვისრამიანის ზღაპრათ ელვარებს

მას, რაც სანუკველ ანდერძათ დარჩა,

რომ უმზერს მაღალ მთების მწვერვალებს,

რომ ესიზმრება ზღვის ლურჯი ფარჩა.

მაგრამ სიბერემ ხელი შეახო,

ტირის მერცხალი მოწყვეტილ ბუდეს

და უმზერს შორით ყანების ახლო

ხავსიან ქოხის სხვენსა და ზღუდეს

განმარტოებულს ბევრჯელ უქია

ხავერდის მოლზე კოკით გარება,

მაგრამ ეწვია ნაცარქექია

თეთრი ზამთარი, ტკბილი მთქნარება.

ყარამანიანს საყვარელ ამბათ

მოყვება სანამ ცეცხლი ენთება,

დახურავს სარკმელს, გარეთ თოვს ბამბათ

და მაღალ კოშკში ჩაეყვინთება.