მას შემდეგ რაც საქართველოს სამფეროვანი დროშა, ამავე ფერების გერმანიის დროშის მფარველობის ქვეშ მოექცა და ჩვენმა საგარეო გახედვამ ცენტრალი ევროპის ხაზი აიღო, მეტი წადილი უნდა შეგვრჩომოდა ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობისა.
და სისწორით შეიძლება ითქვას, რომ ამისთვის დღემდე ან სულ არაფერი, ან და ძალიან ცოტა გაკეთებულა.
არც ქართველების მხრით სჩანს დიდი აღტყინება თავის მოკავშირისადმი გაცნობის და, სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც გერმანელებს გამოუჩენიათ დიდი უნარი მათთვის ახალის და უცნობი ერის დაახლოვებისა.
დაახლოვებად, რასაკვირველია, ვერ ჩაითვლება რამოდენიმე ოფიციალური ბანკეტი, სადაც აუცილებელ თავაზიანობისა და ოფიციალ ქათინაურების შემდეგ ძველებურადვე უცნობნი რჩებიან ერთმანეთისთვის.
ჩვენი კავშირი დღემდე, ფაქტიურად არის მხოლოდ მილიტარული, იმ რამოდენიმე ათასეულ ჯარისკაცში გამოთქმული, რომელნიც ჩვენი საზღვრების დასაცავად ჩამოსულან შორეულ სახელმწიფოდან.
მაგრამ მარტო ამ კავშირით ძნელია დამყარება იმ მეგობრული განწყობილებისა, რომელიც სურს დაამყაროს საქართველოს და სრული იმედი აქვს, რომ ამგვარივე სურვილს ჰპოვებს იგი თავის მოკავშირეშიც.
ამისათვის საჭიროა ის დაახლოვება, რომელიც არ განისაზღვრება არავითარი ხელშეკრულებით, მაგრამ აუცილებელია ამ ხელშეკრულებათა საპატიო დაცვისთვის.
ეს არის კულტურული ურთიერთობა, ურომლისოდ ძალიან მშრალი იქნება ჩვენს შორის დადებული პირობათა ყველა მუხლები.
იმ სამი თვის განმავლობაში, რაც გერმანელები საქართველოში იმყოფებიან, არ ყოფილა არც ერთი საამისო ნაბიჯი გადადგმული.
ფერეინში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე მიკუნჭულა ჩვენი ვაჭრების ბინაზე, არ ყოფილა, ვგონებ, არც ერთი კრება, რომელსაც 10-15 კაცზედ მეტი დასწრებოდეს და უმეტეს შემთხვევაში ამაზედ ნაკლებიც.
ამ ურთიერთობას აკლია ინტერესის ის პათოსი, რომელიც საქმის სიცხოველისთვის აუცილებელია.
საქართველო, რომელიც ამ ომის დაწყებამდის სრულიად უცნობი იყო ევროპის ერთათვის და რომელიმე ეთნოგრაფის გაციებულ წიგნში თუ იხსენებოდა, ჯერჯერობით ისევე უცხო რჩება გერმანელ საზოგადოებისთვის, როგორც რომელიმე მივარდნილი კუნძული.
მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზეა გატანილი, საზავო ტრაქტატებშიც იწერება, და დეპეშათა ყველა სააგენტოებში იხსენიება.
მაგრამ ჩვენი კულტურაც უნდა გავიდეს საქართველოს საზღვრის გარედ და ესევე დაიჭიროს სათანადო ადგილი.
ჩვენ დავიმტკიცეთ ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი;
მაგრამ უნდა დავიმტკიცოთ კულტურული სუვერენიტეტიც!
ამასთან ერთად უნდა შემოვიდეს საქართველოში გერმანული კულტურაც.
ამის მსგავსი კი ჯერ არაფერი სჩანს.
შორეულ სახელმწიფოდან ჯერჯერობით მხოლოდ ჯარისკაცნი და სავაჭრო კომისიონერები გვეწვივნენ.
ჩვენთვის ესენი ფრიად სასურველნი არიან, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ქართულ ღვინისგან და თამბაქოსთან, ერთათ გერმანიაში თან გავიყოლოთ უფრო იოლად წასაღები რუსთაველის სახელიც.
და იმ ჯარისკაცებს და გერმანულ საქონელს, რომელიც საქართველოში შემოვა, თან მოყვენ გერმანელი მეცნიერნი და ხელოვანნი.
ჩვენ გვსურს ჩვენს სახელმწიფო თეატრში ქართულ ოპერასთან ერთად ვისმინოთ რიხარდ ვაგნერი არა იმ რუსული ხრინწიანი არტისტების საშუალებით, რომელნიც დღეს ბოგინობენ იქ, არამედ თვით ვაგნერის სამშობლოს ხელოვანთაგან, რომელნიც, ჩვენ გვრწამს, უფრო ახლო მივლენ საქართველოს სულთან.
ისე როგორც ქართველი პოეტები და მწერლები გერმანიის გულში შეიგნებენ და შეითვისებენ მის მაღალ კულტურას.
ასეთს გაცვლაში, უფრო მალე შეიცვლება ის თავდაჭერილობა, რომელიც, უსათუოდ, ეტყობა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.
და ეს საქმე ყველაზედ უფრო ეხება იმ კომიტეტს, რომელსაც ასე უფერულად სძინავს ფრეილინის ქუჩაზედ და რომლის გაღვიძება უეჭველი ვალია ქართულ საზოგადოებისა.