თეთრ ქუჩებში – Blue Horns

ავტორი : ლელი ჯაფარიძე

თარიღი : გაზაფხული, 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2

პოეზია, შემოქმედება

თეთრ ქუჩებში

თეთრდება ღამე თვალ უწვდენელ ქვაფენილებში.

საგაზაფხულოთ იმოსება ქალაქის ღამე.

ვთეთრდები მასთან და ვირევი ქუჩის ქალებში,

თითქოს შევირთე გაზაფხულთან მზის სითამამე.

ნელინელ ჩემთან მოდიან და მიწვევენ სახლში;

არსად არ წავალ. ვნებისათვის ფართეა ქუჩა.

და მეც მოვირთე ტანსაცმელში ძვირფას, ახალში

და ბინის კარი გაზაფხულმა დააჩაქუჩა.

სავნებო ღამით, გაზაფხულში მეც გავზაფხულდი

და ყველასათვის ავანათლე ჩემი სახება,

ღამის ნათელზე მე სიგიჟით ავახალსულდი

და მიწამ იგრძნო თავის შვილის შმაგი ლაღება.