ებრაელების დასახლება კოლხიდაში – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25981-45-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ებრაელების დასახლება კოლხიდაში

არ გახარებდა ღარიბი გეტტო,

არ გიცხოვრია სულის მშვიდობით;

ბუხრის მაგიერ სანთელი გენთო

და ლოცვების წინ თითებს ითბობდი.

 

მოიხედავდი – დგებოდა უკან

მშობელი ხალხის წამება წინათ,

ღამით პატარა სანავთე დუქანს

გადააქცევდი დილამდე ბინად.

 

და დილით საწყალ ქონების გუშაგს

გიცქერდა ყველა ტანჯული სახით;

კალთას ახევდი საეჭვო მუშტარს,

რომ პირველ სიფთით გაგეღო დახლი.

 

ჩამოგივლიდა მეტოქე ქორად,

თვითონ ღარიბი, და ნიშნს გიგებდა,

მაგრამ საღამოს მდუმარე თორა

დილამდე თითქოს შეგარიგებდათ.

 

წვრილი შვილებით ავსილი კაცი

წლიდან წლობამდე ცხოვრობდი ასე;

და ბედნიერი იყავ, თუ მაცით

გაითენებდი ოჯახში პასექს.

 

გაიჯერებდი ტირილით თვალებს

თუ მოკვდებოდა ვინმე მოყვასი,

როს გაგონებდა წამებულ მხარეს

შენ მრისხანება იეღოვასი.

 

თითქოს ქოხები დაეხრა ხანძარს,

ისე ეყარა თქვენი უბანი;

ცას შესცქეროდა ღარიბი ბანძა,

მაგრამ ცა იყო მისთვის უბარი.

 

ვეღარ გიშველა მწარე ლოცვებმა,

შენ მაშინ ნახე ზეცა გაშლილი,

როცა ასრულდა დიდი ოცნება

შენივე იცკა რიჟინაშვილის.

 

რაგინდ უბედო არ იყოს კაცი

ერთი რამ მაინც მზედ ესახება,

და თქვენს მწუხარე ფიალას დაცლის

დღეს კოლხიდაში გადასახლება.

 

თექვსმეტი წელი თქვენთვის გავიდა,

როგორც ნანატრი მშვიდობის ხანა,

იწყეთ ცხოვრება ისევ თავიდან,

ლხინზე გეძახით ჩემი ქვეყანა.

 

წინ წაუძეხი მხიარულ სახით,

აჩვენე მამებს სანახაობა,

ნიჭიერ ხალხის, საყვარელ ხალხის

დღებედნიერო ახალთაობა.

 

ადგა, დაიძრა შენი სოფელი,

დასტოვა მწარე ბედის ხსენება;

გულს გაგინათებთ მიწა მშობელი

და ზედ მოსავლის აღმოცენება.