ხშირია სიჩუმე ოთახის სტუმარი,
წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება,
ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი…
ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება.
მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი!
ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.
მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი,
და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.
და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა გამხდარი ცინდალი:
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.
ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2