ვაგონი ცხენებით. ხუთი გუსარი.
აწყურისაკენ. აპრილი. 1918 წელი
გაცოცხლდა შენი უცნაურობა,
გადაქცეულო მარჯნების ხვავად;
და რჩება ჩვენი მოგზაურობა
სიკვდილის დღისთვის შესანახავად.
ჰფანტავდა კვამლსა მატარებელი,
აყვავებული ტყემლის რტოებად;
შენი სიტყვები უდარებელი
უკან მისდევდა ქარს ლევკოებად.
და ტოგამოხსნილს მაინც დაგშვენდა
შენ რეტიანი ლექსით ბარბაცი;
და მოდიოდი, ძვირფასო, ჩვენთან,
ვით ლოენგრინი და ჯარისკაცი.
ჩვენ ძირს გვეფინა გამხმარი თივა
და გვინათებდნენ თავს გვირგვინები;
გვეზმანებოდა ლედი გოდივა
ქრისტეს მოახლით შენაგინები.
უღელტეხილზე მაშინ დაბინდდა,
მზე დაიმალა, როგორც ყაჩაღი,
ჩვენ აფთიაქმა მძინარ დაბიდან
გამოგვატანა ბოდლერის ბაღი.
მრავალ წარსულით, მთვრალი `მერეთი~
გარს გვეხვეოდა ლექსი ხროებად,
გვეჩვენებოდა ეს იმერეთი
არაბულ ზღაპრის დაბოლოებად.
თითქოს უეცრად შენ გაგარეტა,
ნერონის ხმებმა ცეცხლიან ქარში;
თითქოს ორღანომ ხმა გაიმეტა
კათოლიკების წმინდა ტაძარში;
თითქოს ამალით შეგვხვდა ყეენი,
ან იგერებდი შენ მზის ნატეხებს
და ან თვით იდა რუბინშტეენი
გაბანიებდა დაღალულ ფეხებს.
უცბად იროდის გამოჩნდა ტახტი
და სალომეას მოგესმა ფიცი –
მერე უეცარ მოწამეთ გახდი
როგორ კვდებოდა დანიის პრინცი.
უკანასკნელად გაჩნდა ბრომელი
მწვანე ცილინდრით, თვალ ნისლიანი,
შევხვდით სამება დაუდგრომელი
ალი, პაოლო და ტიციანი.