ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,
ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,
ლამაზ რითმისთვის ერთის წუთით ჩაფიქრებული.
ვამაყობ იმით, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.
დამონებულ ხალხს შევაპარე სიტყვა თარსული.
ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული,
მხოლოდ უალდის ყელსახვევით გაკვირვებული.
მათრობს ხაშხაში, სურნელება ძველი, სპარსული.
საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა,
მე მახალისებს მხოლოდ ჩემი შალტო-მორტალე,
მაგრამ ბოდლერის8 ცივი ლანდი თუკი მენდობა,
ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.
შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა
და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა.