ნაპირიდან ვნახე გუშინ
შურდულივით მომავალი,
შემოვიდა ნავთსადგურში
ვებერთელა თბომავალი.
შემოიჭრა წყალში სწრაფი,
მეზღვაურთა საყვარელი,
მოახარა მოსვლა ნაპირს
დიდი ვერცხლის ნაღარებით.
კანაფები დაისროლა,
გააჩაღა გასანათი;
თეთრი ანძა გაისწორა
და გაჩერდა თვალტანადი.
ვუცქერ მაღალ სასოებით
მოკრიალე ასფერიანს,
დიდი ოქროს ასოებით
„საქართველო“ აწერია.
მიტაცებდა ზღვის რაინდის
ვაჟკაცური გამოჩენა;
ახლოს მიველ, უკრაინის
გავიგონე ძმური ენა.
მივდევ კიბეს, მივალ სადაც
ვერცხლის კოშკი ელავს ზღვაზე,
რა ზვიადი და რა სადა
არის მისი სილამაზე.
სულგანაბულ ყურადღებით
ვაკვირდები ყოველ საგანს,
საქართველოს სურათები
არ მინახავს არსად სხვაგან
მე ასეთის სიყვარულით
დარბაზებში განფენილი;
სდგას მყინვარი მომთვარული,
ალმასივით დაფერილი.
აქ კედელზე კიდით-კიდე
სჩანს თბილისი ნათელ დღეში,
აქ ბაღები ბაღებს მისდევს
ულამაზეს აფხაზეთში.
აქ კოლხიდის შრომა მოჩანს,
ხელჩართული და მედგარი,
აქ კუთხეში ბრწყინავს დროშა,
წითელ ფარჩის სვეტად მდგარი.
ეს ქართველი ხალხის ჯილდო,
საპატიო საჩუქარი;
გემს ავსებენ ყოველ წუთში,
მოდის ტვირთით მუშა ფრთხილი.
და კიაფობს სუფთა ყუთში
ის დაისის ფერი ხილი,
რაც კოლხიდის ნაყოფია,
ახალ ბაღში გამოზრდილი.
რაც არასდროს არ ყოფილა
ასე მწიფე, ასე ტკბილი.
მიაშვირა გემმა მკერდი
შავი ზღვიდან მოსულ ნიავს.
გემი ზღვაში დინჯად შედის
და კოლხიდის სითბო მიაქვს.