პოემა ჩემი რამოდენიმეთ გარდარევისა – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 12.09.1918

ადგილი :

საცავი : 25981-13-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პოემა ჩემი რამოდენიმეთ გარდარევისა

პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა

 

კარი პირველი

თორმეტი წლიდან მე არ მაცლიდნენ

ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები…

მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ,

თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები.

ყოველდღე მოდის სიღარიბე…

დილები – ბურით…

გადამიშენდენ დღეს წითელი ჩემი ხარები,

დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით…

დაინგრა ტვინი… დავეხეტები.

მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას;

ხანჯლიან შვადღეს ვერ ვიხედები,

ვეღარ უმღერი შვადღის შადრევანს.

ახ! პოეზია… მეგობრობა… ჩემი სარდლობა…

ასარგადონი… ოლოფერნი… ქალების თმები,

ხმა უმაღლესი და პლანეტის უსამართლობა…

და საზოგადოთ ავი სიტყვა: „როდესაც ვკვდები“.

 

კარი მეორე

დამეთანახმეთ, ამეგო წესი:

დღემოკლესავით გადავიცვალე,

და პოეზია უძვირფასესი

მე დამიტირებს ყველაზე მალე.

მოაქვს სიკვდილებს ჩემთვის ცელები,

მაგრამ ზვარაკში არა ვარ კენტი:

არ მიმეტებენ მე „ყანწელები“,

რემბო, ბოდლერი და დეზ-ესსენტი.

ღმერთმა სიგიჟე გადმომივლინა,

რადგანაც ხშირად მე ვარ მშიერი.

დედა მიტირებს მე ბაბილინა

და ჯიბრაელი მამა ძლიერი.

ქვეყნიერება ადრე დავტოვე,

სულ ზედმეტია ერის ნუგეში,

მომეგებება ჩხიკვაძე ნოე

საიქიოში და დიდუბეში.

 

ეპიტაფია

გაგიჟდა… მაშასადამე გადაიცვალა

პოეტი პაოლო იაშვილი…

პოეზიისთვის ბევრი იწვალა,

მაგრამ არ იყო მისთვის საშველი,

როდესაც იყო სუსტი, პატარა

მკითხავმა უთხრა: „იყავ გმირია“,

ოცდაოთხ წლამდე დრო გაატარა

და ოცდახუთზე გადაირია.

იყოს უკვდავი მისი სამარე

და იქ შეევსოს ამ ქვეყნის ნაკლი,

იქ ყავდეს ცოლათ მეფე თამარი

და მაყრად ყავდეს მეფე ირაკლი!