შემოდგომის დღე ფოთში – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937

ადგილი : ფოთი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25981-2-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შემოდგომის დღე ფოთში

შავი ზღვიდან, დაბალ ციდან

მოდის ბური ნისლის;

ხეს ფოთლები ჩამოცვივდა

და შრიალი ისმის.

 

ნისლი სახლებს დაჰფენია,

ქუჩებს მისდევს ნელა,

ბაღს მიადგა დაფნებიანს,

რუხად ჩააბნელა.

 

აგერ ქუჩა პირდაპირი

აუვსია ბოლით;

საცა იყო ზღვის ნაპირი,

მოჩანს თეთრი ზოლი.

 

წავალ ბაღში, შევალ ბაღში,

მომდევს ნისლის ქროლვა,

კარს გამიღებს ერთი ბავშვი,

ჩემი შვილის ტოლა.

 

სიხარულით მეტყვის: „ძია,

ის ხეც შეითვალა“,

და დაიწყებს ბაღში ციალს

ვით სინდიოფალა.

 

ხელებს მოდებს მწვანე ტოტებს,

მისდევს ვიწრო ბილიკს;

მე უეცრად შემაშფოთებს

სურნელება ტკბილი.

 

გაიშლება უცბად ნერგი

ზე შემრჩება თვალი;

თუ გინახავთ სადმე თერგის

ნაპირებზე ქალი.

 

ქისტის ქალი, დახატული

მძივებიან მკერდით,

როგორც ოქროს ნაკადული

რომ ჩაგირბენთ გვერდით,

 

ნერგიც ასე ელავს რხევით,

ოქროს ტოტებს გაშლის;

უკვე ნისლი მიდის ზევით,

ამაღლებულ ცაში.

 

გადაიხსნის მწვანე მანდილს

ნერგი გულ-მკერდ ღია;

ვეხები და ვისმენ ნამდვილ

ოქროების წკრიალს.