სანდრო ცირეკიძე – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 30.06.1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 30 ივნისი, №12

ბიოგრაფია, ბიოგრაფიები

სანდრო ცირეკიძე

სანდრო ცირეკიძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1894 წელს. მამა მისი გიორგი ხელობით დურგალი, არ იშურებდა არაფელს ოღონდ კი მიეცა თავის საყვარელ შვილისათვის შესაფერი აღზრდა. წინასწარი მომზადების შემდეგ იგი შევიდა რეალურ სასწავლებელში. აქ პატარაობიდანვე სანდრომ საოცარი ნიჭი გამოიჩინა. განსაკუთრებით ემარჯვებოდა მას მათემატიკა, სწავლობდა შესანიშნავად. წერა დაიწყო პატარაობიდანვე. სწერდა ლექსებს, პოემებს, პროზულ ნაწარმოებს და გვიკითხავდა ჩვენ მის ახლო მეგობრებს. მაშინ სასწავლებელში სასტიკი წესი იყო შემოღებული. განსაკუთრებით სდევნიდენ ქართულ ენას.

ჩვენ სასწავლებელში ქართულ ენას ყოველთვის მეექვსე საათი ქონდა დათმობილი. მოღლილ, მოქანცულ მოწაფეებს ხშირად სძლევდა სიზარმაცე და გარბოდენ გაკვეთილიდან. მით უმეტეს რომ ამისათვის არავითარი სასჯელი არ მოელოდათ.

სანდრო კი განსაკუთრებით ამ მეექვსე საათს შენატროდა მოწაფეებს, დაედევნებოდა განსვენებულს მასწავლებელს ჩიმაკაძეს, შეაჩერებდა და გადასცემდა ახალ ნაწარმოებს შესასწორებლად.

მასწავლებელიც სიხარულით იღებდა მთრთოლვარე ბავშვის ხელიდან პატარა რვეულს და აძლევდა ღირსეულ შენიშვნებს.

ბავშობიდანვე გულ ჩახვეული იყო სანდრო, არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. თუ იტყოდა რამეს, მოკლედ და მოჭრით. მას ყავდა თავისი ვიწრო ამხანაგების. ეს წრე სულ სამი კაცისაგან შესდგებოდა: სანდრო, მე და განსვენებული გიორგი ჟღენტი, რომელზედაც მაშინ სასწავლებელში ყველაზე მეტ იმედებს ამყარებდენ. არ იყო ისეთი საათი, წუთი, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ ვყოფილიყავით, ხსოვნით-მოგონებით მაინც. „წმინდა სამებას“ – გვეძახოდენ ამხანაგები.

სანდრო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ინიციატივით, ორგანიზატორული ნიჭით. თითქმის ყოველ დღე გვიკითხავდა თავის ნაწარმოებს. უხაროდა და ჩვენც გვაქეზებდა.

მე-5 კლასში იქნებოდა, როცა მან დააარსა სალიტერატურო წრე. დაგვითმო თავისი ოთახი და აქ მართავდა სხდომებს. ხშირად აწყობდა ქართულ მწერლობის კითხვას, მათ ნაწარმოების გასამართლებას. ამ შემთხვევაში ყველას ჩრდილავდა გიორგი ჟღენტი. მისი სტიქია იყო სიტყვა. იყო მახვილი ჭკუის პატრონი, ენა მოსწრებული, თანაც დარბაისელი და მკვეთრი პასუხში. მახსოვს, სასწავლებელში გამართეს რუდინის გასამართლება. გიორგი ჟღენტი იცავდა ბრალდებულს. დაცვის დროს იგეთი მოხდენილი, ორატორული ექსპრესიით დაქანებული სიტყვა წარმოსთქვა, რომ მთელი სასწავლებელი აღფრთოვანებაში მოიყვანა. სანდრო კი უფრო დამჯდარი მოაზროვნე იყო. სწერდა დრამებს და ჩვენ, ბავშვები მისივე ბინაში ვაწყობდით წარმოდგენებს.

მეექვსე კლასში განიზრახა ხელნაწერ ჟურნალის გამოცემა და სურვილი კიდევაც მოიყვანა სისრულეში.

ამ დროს მას უკვე დიდი ხნიდან ქონდა დაწყებული ჟურნალ-გაზეთებში პატარა მინიატურების ბეჭდვა. და რა თქმა უნდა, ხელნაწერ ჟურნალისათვისაც არასდროს არ შემოაკლდებოდა მასალა.

შევიკრიბეთ „სამება“ და დავადგინეთ, გამოგვეცა ჟურნალი. რედაქტორად ავირჩიეთ თვით სანდრო. მე და გიორგი ჟღენტი მისი ამხანაგები ვიყავით. ჟურნალს დავარქვით „ჩანგური“.

ვწერდით შიგ ლექსებს, მოთხრობებს და წერილებს. უმთავრეს მონაწილედ, რა თქმა უნდა, სანდრო ითვლებოდა. ამ ჟურნალში დაწერა მან კრიტიკული შენიშვნები პოეზიის შესახებ. ამ წერილებიდან უკვე ჩანდა მომავალ პოეტის დაწმენდილი სახე. იყო წერილში პოეზიის შეგნება და თავისუფალი მისვლა მასთან. ბევრ წერილებს სწერდა აგრეთვე გიორგი ჟღენტი. მისი წერილებიც სავსე იყო დაკვირვებით, საგნის ცოდნით. განსაკუთრებულ სიძლიერეს იჩენდა ის ეროვნულ საკითხებში. იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი და უეჭველია, მისი დაკარგვით ახალგაზრდა საქართველომ დაკარგა ერთი გატაცებული, განაწამები რაინდი მშობლიურის სიყვარულის.

პატარაობიდანვე სანდროს ყველაფერზე უფრო უყვარდა მოგზაურობა. თითქმის ყოველ კვირას წაგვიყვანდა ის სადმე ქალაქს გარეთ ფეხით შორს… შორს… ლაპარაკობდა გატაცებით პოეზიაზე, საქართველოზე, თავის ბუნებაზე. მისი საყვარელი ადგილი იყო მოწამეთა და უფრო კი გელათი. გელათის მშვიდ ეკლესიის ჩრდილოებში წამოწვებოდა და სწერდა თავის მთვარეულ მინიატურებს.

გელათი იყო მისთვის შთაგონების უწმინდესი ობიექტი და წარსულის მედიუმი. სანდრო – რომანტიკი სიტყვის უნაზესი მნიშვნელობით იყო ამ წარსულის განუყრელი კავალიერი.

პოეტი დეკანდენტი გრძნობდა ამასთანავე ამ წარსულს, როგორც თავის სხეულს, სისხლს. სომნაბულასავით განაზებულ მინიატურებთან ერთად ის ამზადებდა გამოკვლევას ბაგრატის ტაძრის შესახებ. თითქმის ერთი წელიწადი დადიოდა ის ამ ხავსიან ნანგრევებში ფოტოგრაფიულ აპარატით ხელში და თავისით სწავლობდა მის აღნაგობას: შესწავლილი ქონდა ყოველი ქვა მისი საიდუმლოებით.

მეშვიდე კლასში გადასწყვიტა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე წასვლა. დაიწყო ლათინურის შესწავლა. დაგვაწყებია ჩვენც მის ორ განუყრელ მეგობარს. იმ წელსვე ჩავაბარეთ ეს საგანი. გზა უკვე ხსნილი იყო.

საქმე ქალაქის არჩევანზე მიდგა. აქაც სანდროს რჩევამ გასჭრა. მან ირჩია პეტროგრადი და ეს არჩევანი გახდა საბედისწერო. დაახლოებით ორ თვეში გახდა ავად პეტროგრადში ჩვენი ძმა გიორგი ჟღენტი ჩქარ მავალი ჭლექით. წამოვიდა სამშობლოში და მალე მივიღეთ საზარელი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. დავრჩით ობლად.

არც სანდრო იყო ჯანსაღი. ბლოკის ნისლს და ნესტს ვერ გაუძლეს მისმა ფილტვებმა, მაგრამ ეს შემდეგში გამოჩნდა. დადიოდა თითქმის ყოველ დღე მუზეუმებში, თეატრებში, ქუჩებში. ყოველგან, სადაც იყო დიდი ქალაქის შტამპი, ნიშანი. საუნივერსიტეტო საგნებში თითქმის არაფელი გაუკეთებია ამ წელს. სანდრო ძალზე თავდაბალი, მორცხვი, სპეტაკი, წმინდა – პირველად თავის სიცოცხლეში მოხვდა მეორე სქესის წრეში.

შეუყვარდა ერთი რუსი ქალწული. იყო პირველი სიყვარული ძალზე ნაზი და თავდავიწყებითი. თითქმის ყოველ დღე გამოვიდოდა სახლიდან და ელოდა საყვარელ არსებას. მალე შეამჩნია, რომ ქალი არ იყო კარგი ზნის და ჩამოშორდა საშინელ ტკივილით. შებედა სიყვარულს და პირველადვე უფსკრულში გადავარდა.

სახალხო სახლში შალიაპინი თამაშობდა. ძნელი იყო წარმოდგენაზე მოხვედრა. გადავწყვიტეთ რიგში ჩადგომა. იყო ზამთარი. სამი დღე-ღამე ვიდექით რიგში მორიგეობით ბილეთის მისაღებად. ყინვა და ქარი. ქარი სოველი ნესტით მის ფილტვებში ტუბერკულიოზს იწვევდა ამ დროს. შევედით თიატრში. ოთხი, სართული აირბინა სასწრაფოდ. ცუდად იგრძნო თავი. წამოვიდა ისევ სახლში. რომ დავბრუნდი თიატრიდან, ვნახე სანდრო დაწოლილი და ტაშტზე დაქცეული სისხლი. მეორე დღეს ექიმი, წამლობა და შემდეგ საქართველოში წამოსვლა. ამ დღიდან (იყო ეს 1914 წელს) ტუბერკულიოზი მას განუყრელად ზდევდა თან. შემდეგ წავიდა კიევში. აქ განაგრძნობდა მაცადინობას, იმავე ფაკულტეტზე. აღარ მოუსვენა ავადმყოფობამб თავის მოვლით, ძმისა და დის ზრუნვით, მან მიაღწია მეოთხე კურსამდე, ჩააბარა ყველა გამოცდა. დარჩა მხოლოდ სახელმწიფო გამოცდები. შემდეგ რევოლიუცია და გაძლიერებული ავადმყოფობა. უფრო ხშირად იყო თავის საყვარელ ქალაქში ქუთაისში. აქ გახდა იგი ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი „ცისფერი ყანწები“-ს. წარსულთან ყველა ხიდი დაანგრია. აქამდე დაწერილი მინიატურები დახია, გაანადგურა, ცეცხლს მისცა. აქედან დაიწყო ახალი შემოქმედება. მოგვცა თავისი (მთვარეულები), წაშალა თითქმის საზღვარი პოეზიისა და პროზას შორის.

ქუთაისის პერიოდი ცისფერ ყანწელებში დარჩება, როგორც თვითონ პოეზია მთვარიან ღამეებში. სობორო, მის გალავანში მეორედ იღებდენ სიცოცხლეს ვერლენის, ბოდლერის, რემბოს და მალარმეს ლექსები.

პაოლო იაშვილი გადმოიღებდა სტრიქონებს „დაწყევლილ პოეტების“ სონეტებიდან და კრძალვით გადასცემდა მათ ვალერიან გაფრინდაშვილს, ქალდეიის ფრესკოებიდან გადმოსულ ტიციან ტაბიძეს და კოლაუ ნადირაძეს.

სანდრო ცირეკიძე იყო თანასწორი ძმათ  შეფიცულთა შორის.

ის ჭლექიანი დაყვებოდა და თან დაქონდა გელათის სიწმინდე და სიმშვიდე.

გვიანი ღამით დაბრუნდებოდა ის მარტო სახლში, რომელიც რიონის დაწმენდილ სარკეებზე იყო გადამდგარი. დაუვიწყარ ღამეებს და მათ პოეზიას ატანდა ის თავის ფილტვებს და ჯანმრთელობას.

იქნებ ამ ავადმყოფობის შედეგი იყო მისი მაგარი და მტკიცე ხასიათი. სიტყვა მისთვის იყო საქმე.

ქუთაისში მისცა მან ქართულ წიგნს შნო, და სიცოცხლე. დაიწერება ოდესღაც ისტორია ქართული წიგნის კულტურაზე. პირველად სანდრო იქნება ხსენებული: წიგნს მან უთავაზა ეს კულტურა. აქ გამოსცა ჟურნალი „შვილდოსანი“, ვალერიან გაფრინდაშვილთან ერთად „მეოცნებე ნიამორები“, ვალ. გაფრინდაშვილის „დაისები“, ქართული პოეზიის ანტოლოგია, კოლაუ ნადირაძის „ბალდახინი“, რაც აღსანიშნავია, მალარმეს პროზა და პოეზია. გედივით იყო მართლაც მაშინ მოფრენილი ეს წიგნი, რომელსაც ამდენი სიყვარული და გატაცება დაალია თან. მახსოვს, როგორი ოსტატობით თარგმნიდა ის მალარმეს პროზას. მისთვის ეს იყო მაშინ უკანასკნელი ცხადება. როგორც იუველირი თლიდა ის ფაზისის წყლისაგან განბანილ სიტყვებს. ის დრო მისი შთაგონების მწვერვალი. და დააყენა სრულიად ახალი პრობლემები პროზაში. ეს საკითხები დიდხანს გააწვალებს ჩვენს მწერლობას. მარტო პრობლემა სათაურის იყო საკმაო, რომ ყველას ეწამებია მისი ავტორის მახვილობა, პრესში გატარების შეგნება.

სტამბა იყო მისი ტემპერამენტი. არსად არ გრძობდა თავს ისე ამაყად, როგორც აქ.

და მისი ოცნება სტამბის შეძენა იყო. „ნეტავი ისე არ მოვკვდებოდე, რომ სტამბა არ შევიძინო“  – მეტყოდა ის. ეს საკითხი მისთვის სიცოცხლის საკითხი იყო. დარწმუნებული ვარ, მისი სიცოცხლე ჩვენს ლიტოგრაფიაში მთელ რეოლიუციას მოახდენდა. შემუშავებული ქონდა კიდევაც პროექტი ქართული ახალი ანბანის.

ამ ინტენსიურ მუშაობაში მიდიოდა მისი დღეები. ავადმყოფობა ძლიერდებოდა. ხშირად წამოუვიდოდა სისხლი და დიდი მაცადინობით შეიკავებდა. პოეზიის ერთგულ მეგობრად დარჩება მისი ძმა კალისტრატე, რომელმაც უარყო პირადი ცხოვრება იმისთვის, რომ საყვარელ ძმისათვის მიეცა იგი.

სისხლში და ხველაში ამზადებდა ის გამოკვლევას ბაგრატის ტაძრის შესახებ, რომელიც უნდა ჩაებარებია კიევის უნივერსიტეტში.

მას საკმაო ხასიათი და ნიჭი ჰქონდა, რომ დაეტოვებიათ ამ უნივერსიტეტში, მაგრამ წერა სხვა იყო.

ერთი ფაქტი მის ცხოვრებიდან – კიევში ყოფნის დროს მან მეორედ იხილა მოსული სიყვარული. პეტროგრადში ვიყავი. ხშირად მწერდა წერილებს ამ საყვარელ არსების შესახებ. ეს წერილები სავსე იყო გატაცებით, ლოცვით და ვედრებით. პოეტი იზიდა, როგორც კელაპტარი, რომელიც მის სულშივე იყო ანთებული. ეს ქალწული იყო ვერა როხლინა. მისი სიყვარული ჩარჩა მას ბოლომდე. თუმცა უკანასკნელ ხანებში აღარაფელს მეუბნებოდა მის შესახებ. მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც ისე ყოფილიყოს მოწყურებული სიცოცხლეს, როგორც იყო სანდრო. ამავე დროს ის იყო ძალზე მომქმედი და საოცარი ორგანიზატორი.

ქუთაისში დააარსა მწერალთა კავშირი და კიდევაც შეეწირა მას საბოლოოდ. კავშირის წიგნების გადმოტანის დროს, მტვერში გახვეული, გაცივდა და გატყდა. აქედან მოყოლებული აღარ ამდგარა ის ლოგინიდან. შარშან ზაფხულში წავიდა აბასთუმანში. აქედან ექიმებმა ურჩიეს, წასულიყო ზამთარში სოხუმში. საჭირო არ არის ახლა იმ განწირულ წერილების გამოტანა, რომლებსაც გვწერდა ის მაშინ ახლო მეგობრებს. ყოველი ხმა თითქოს საფლავიდან მოდიოდა. „მიშველეთ! მიშველეთ! ძმებო, ვკვდები“. ასეთი იყო ყოველივე წერილის ეს ტრაგიული აკკორდი. და თან უახლოვდებოდა სიკვდილს. არ დამავიწყდება ერთი წერილი, რომელიც მივიღე მისგან ამ ხანაში.

მე ვწერდი პოეზიაზე, ახალ მიმართულებებზე და სხვათა შორის დავძენდი: თუ ასე გაგრძელდა, მალე ქრისტიანულ მისტიციზმს მივიღებ მეთქი. მომწერა პასუხი: „ჩემო შალიკო, შენი წერილი დღეს მომიტანეს მხოლოდ. ორი კვირაა მაგარი ტემპერატურა მაქ და ჯერ კიდევ ვერ დავიმორჩილე. ხან ლოგინზე ვარ და ხან კი სკამზე. ცუდი ყოფილა ავადმყოფობა და სიახლოვე საზღვრების, სიცოცხლე „ავან ტუტ შოზ“! მართლა, შენ მისტიციზმზე მწერ, იქნებ ამ მრხით მე გაგასწრო: მე მალე ღმერთს ვიწამებ. რა სასაცილო ამბავია, როდესაც ამბობ – ხვალ ღმერთს ვიწამებო, მაგრამ მე ამ გზით მივდივარ“.

არც შეეძლო არ ეწამა მას: ბუნებით რელიგიური პიროვნება იყო სანდრო. და მთვარეულებსაც ისე ვგრძობ, როგორც ერთ ლოცვას: იმდენად გადმოსულია მათში პოეტის ინტიმი და პირველი ქრისტიანის ფანატიზმი.

ზამთარი სოხუმში გაატარა. ავადმყოფობამ უფრო უმატა. ისევ ქუთაისი. აქედან სასოწარკვეთილების წერილები: ისევ ისმოდა ის მეწამული კივილი სიკვდილთან მისულ ადამიანის: „მიშველეთ! მიშველეთ!“

შემდეგ წერილებს მოყვა თვით სანდრო: მის თვალებში უკვე სიკვდილი იყო ჩასული, უნდოდა კი სიცოცხლე. მისი უკანასკნელი იმედი ისევ აბასთუმანი იყო. მაგრამ ექიმების გასინჯვამ გამოარკვია, რომ ერთი ადგილიდან დანძრევა შეუძლებელი იყო. აღარ შეეძლო ლაპარაკი: მაგრამ მაინც გვეკითხებოდა საერთაშორისო მდგომარეობაზე, საქართველოზე, პოეზიაზე.

ვეღარ გაუძლო. ჭლექმა მეორე ფილტვიც გაუნადგურა, სისხლი, აღარ ყოფნიდა ჰაერი და გარდაიცვალა წყნარად მისი საყვარელი ძმის კალისტრატეს მკლავებზე.

ჩვენთვის ტანჯვა იქნება მუდმივი მისი უკანასკნელი დუმილი. ენას ვეღარ იღებდა, უნდოდა კი დაებარებინა რაღაც მისი ძმისათვის.

მაგრამ მისი ძვირფასი ანდერძი მთვარეულებია, რომელიც დარჩება როგორც ქართული პროზის ჯვარი და კვირის სავსე საცეცხლური.

ყოველთვის იგრძნობა უნაზესი სურნელება, რომელიც მოდის ამ პატარა გათეთრებულ წიგნიდან – და იწვევს მკითხველში მაღალ განწყობილებას. მთვარეულები, რომელმაც სიტყვის ეკონომიით და თავისებური მოტრიალებით წაშალა საზღვარი პოეზიისა და პროზის შორის.

მთვარეულები – როგორც მწუხარე სერაფიმები დაფრინავენ ჩვენ თავზე და გვიტაცებენ შორეულ სივრცეებისაკენ.

სანდრო რაინდი განაზებული მთვარის, იყო რაინდი პოეზიის და რაინდად დარჩება მისი სახე მისი მეგობრების ხსოვნაში.

 

შალვა აფხაიძე

გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 30 ივნისი, №12