გუნიბი – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 17.01.1927

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 24893-1-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გუნიბი

გუნიბი

Могилы вольности Гилгебиль и Гуниб!

В. Хлебников

 

გადმოვიარე დაღესტანი… ვნახე გუნიბი,

გიაური ვარ – და ვარ მაინც ეხლა მიურიდი,

ხმალი ლეკური ამდეხანაც არ იღუნება,

ამ ხმალს მე ეხლაც სიხარულით გულს გავუყრიდი.

დაუთოვია სისპეტაკე ზეცას თეთრ თოვლით,

სდგანან ზვავების ეშაფოტათ მაღალი მთები,

მოდუღს გრიგალი შურისძიების მეორე მოსვლით,

იხტიოზავრიც წარღვნის ღამეს დაეფეთება.

ვხატავ არწივთა სამუდამოთ დანგრეულ ბუდეს

და მოგონების სირცხვილიდან თვალი მევსება,

ამ ცის სიმაღლეს შეგინება რომ გაუბედეს,

ამის სირცხვილი, საქართველოვ, შენც ხომ გედება.

ქართული ძვლები ალპებიან აქ რუსის ხიშტებს,

მეცოდებიან ამ საწყალთა გახრული ძვლები,

სული თან წაყვათ სამოთხეში მამაც ჯიგიტებს

და თქვენ კი დარჩით, ჩემო ძმებო, გაძარცულები.

და ამაღამაც, როცა ლეწავს ყველაფერს ქარი,

მიურიდების სულს კიდევ ლოცავს მათი იმამი.

თქვენი კი წახდა სამუდამოთ ბრძოლა მედგარი,

არც დაგიტირებთ უცხოეთში უცხოთა ღამე.

არ მისროლია მე არასდროს ჯერ კაჟის თოფი,

არც გალესილი მრტყმია წელზე ლეკური ხმალი _

მაგრამ უეცრად ვაჟკაცობამ მეც შემაშფოთა,

არ მინდა, ვიყო მე პოეტი სისხლით დამფრთხალი

და ამ ღამიდან დაწყებული დღე რაც კი გადის,

მე ვწერ პოემას: რომ გარეცხოს თქვენი ღალატი.

 

ტიციან ტაბიძე

17.01.1927

ტფილისი