ავტობიოგრაფია – Blue Horns

ავტორი : სერგო კლდიაშვილი

თარიღი : 1929

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28474 - ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

ავტობიოგრაფია

დავიბადე იმერეთში. რამოდენიმე დღით ადრე ოჯახში სტუმრად ყოფილა ეპისკოპოსი გაბრიელი. დედა დაულოცნია. მორწმუნე არა ვარ, მაგრამ ის კი მწამს, რომ გაბრიელის დალოცვას უქმად არ ჩაუვლია.

საყმაწვილო რომ ამშორებოდა, ბებიამ ახალ დაბადებულს პირში ჩამასხა წითელ ფხვნილში გალესილი წამალი, რომელმაც დროებით მომკლა. საღამოს გამოირკვა, რომ ცოცხალი ვარ. საყმაწვილო ამშორდა, მაგრამ მას შემდეგ ენა მებმის.

ბაბუა ახირებული კაცი მყავდა. როცა მოხუცდა, წინასწარ კუბო მოიმზადა და სარდაფში დადგა. პირველად კუბოსი მეშინოდა, შემდეგ კი, როცა შიგ ქათმებს საბუდრები გაუკეთეს, შევეჩვიე.

ბავშობა ბათუმში გავატარე. მამა ჩემი აფიცერი იყო. მეც აფიცრობა მინდოდა. მშობლებს ვთხოვდი, კადეტების კორპუსში გავეგზავნე. მაშინ კიდევ არ ვიცოდი, როგორ ეზარებოდა მამას მეფის მხედრობა.

ჩვენ სახლში უმეტესად არა სამხედრო პირებს ვხედავდი. დადიოდენ ყველა ისინი, ვინც ახალი ცხოვრების სათავეში იყვენ.

ბათუმიდან გამომყვა მოგონება ზღვის, თავზეხელაღებულ მეზღვაურების და დიდი გემების, რომელნიც ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოდიოდენ.

13 წლის ვიყავი, როცა სამმა ამხანაგმა შორეულ ქვეყნებში წასვლა დავაპირეთ. გემით გაპარვა გვინდოდა. ვერ მოვახერხეთ. მაშინ ნავით წასვლა ვარჩიეთ. დაღამებამდე ვიარეთ. შემდეგ ღელვა ატყდა და დავბრუნდით.

მიყვარდა ერთხელ, როცა ცხრა წლის ვიყავი. დილით ერთად მივდიოდით გიმნაზიებისკენ, ღამით კი ღმერთს ვთხოვდი, სიზმარში ენახვებინა. ღმერთმა სურვილი ერთხელაც არ შემისრულა. შეიძლება, ამიტომაც იყო, რომ ბავშობიდან ღმერთი არ მწამდა და ზიარებაზე განზრახ მაძღარი მივდიოდი.

პირველად წავიკითხე მამას მოთხრობები, როცა მეოთხე კლასის გიმნაზიელი ვიყავი. არ მომეწონა. უფრო მიყვარდა ყაზბეგი, ილია და აკაკი. ეხლა დავითის მოთხრობები, მაპატიეთ მამის ქება, ბევრისას მირჩევნია.

მამას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ძალიან მიშლის, რომ მისი შვილი ვარ. მერჩია, მამა სოფლის მჭედელი მყოლოდა. ეხლა კი იმას უნდა ვეცადო, რომ გვარი ორმაგად დავამკვიდრო.

სახით და ტანით დავითს ვგევარ. ერთში ძალიან განვსხვავდებით – დავითს ქვეყანა მიღებული აქვს, როგორც დიდი სიხარული და მუდამ აღფრთოვანებულია, მე კი მხოლოდ მისი ესენცია მათრობს და ცოტა სკეპტიკი ვარ.

მაქვს მხოლოდ ერთი სურვილი – ჩემმა შვილმა აღარ სწეროს. ვისაც შეუძლია, დასთმოს და არ სწეროს, ვურჩევდი, ეს შხამი დროით მოიშოროს.

1913 წლიდან 1918 წლამდე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. იურისტობა არაფერში გამომიყენებია. არც ვაპირებ. მოსკოვი კი ყოველმხრივ გამოვიყენე. იმ ხანებში ლიტერატურა მძაგდა, სამაგიეროთ შევიშვრე ყველაფერი მის გარდა. ჩემი მოსკოვი იყო: მოსკოვი თეატრების და მოსკოვი ღამის, თითქმის გათენებამდის.

ვერხარნის ნახვამ საფრანგეთის პოეზიის კარები გამიღო, გაგებით კი უფრო მაშინ გავიგე, როცა ცისფერ ყანწელებს დაუახლოვდი.

რევოლიუციას მოსკოვში თოფით ვიცავდი. პუშკინის ძეგლის წინ მიტინგებზე სიტყვებს ვამბობდი. ერთხელ ქალებმა და მედუქნეებმა გადმომათრიეს და მკლავდენ. გადამარჩინეს ფრონტიდან ჩამოსულმა ჯარისკაცებმა.

ომში ვიყავი ორჯერ. ორივეს უვნებლად გადაურჩი. მესამედ წასვლა აღარ მინდა.

ყოველ დილით გახარებული ვდგები. მიხარია, რომ ვცოცხლობ. ერთხანს მწამდა, რომ მეცნიერები მალე მოიგონებდენ უკვდავების ელექსირს. ამიტომ სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია. მცხვენია გავამხილო, თორემ ვიტყოდი, რომ ეხლაც მწამს და ველი.

სიცოცხლე ძალიან მიყვარს და ვერავითარი უბედურება ვერ გამტეხს, ოღონდ ვხედავდე ჩემი ქვეყნის ცას და ჩემი ბავშის ცოცხალ თვალებს.

მაქვს კარგი სმენა და ზეპირად ვიცი ყველა მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც კი მომისმენია. მოსმენილი კი ბევრი მაქვს. თბილისის ოპერაში ხშირად დავდიოდი 1919 წელს, როცა ცივი ოთახი მქონდა. ეხლა კი მხოლოდ აფიშებს ვკითხულობ.

პირველი მოთხრობა დავწერე რუსულად, როცა 8 წლის ვიყავი. შინაარსი კარგად მახსოვს. ჯარისკაცის ტრაგიული თავგადასავალი იყო. მაშინ გონორარზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მაინც მინდოდა, გრძელი ყოფილიყო.

ბეჭდვა დავიწყე 1911 წლიდან. დიდხანს ვწერდი მინიატიურებს. მახალისებდა გიგო დიასამიძის მოპყრობა. როცა მის გაზეთში დაბეჭდილი ჩემი მინიატიურა რუსულად ითარგმნებოდა, ამის შესახებ ყოველთვის ქრონიკას ათავსებდა. გაცნობისას მომიალერსა, მაგრამ შევატყვე, ეწყინა, რომ ძალიან ახალგაზრდა მნახა. მაშინ მეც ვინაღვლე, რომ მოწიფული არ ვიყავი. ეხლა კი იმას ვნაღვლობ, რომ ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ.

მინიატიურის გავლენისგან სავსებით დღესაც ვერ განვთავისუფლდი. ძალიან კი ვებრძვი. ამის მიზეზია სანდრო ცირეკიძესთან მეგობრობა.

ყველაზე უფრო მინდა, დავწერო ისეთი საბავშო მოთხრობა, რომელიც მათთვის საყვარელი იქნება. ეს იქნება ერთად-ერთი წიგნი, რომლის დაბეჭდვას არასოდეს აუჩქარდები. დავიწყე კიდეც. შინაარსი ნაცარქექიას და ჭინჭრაქას ამბავია.

ლიტერატურულ გამართლებათ მიმაჩნია „ცისფერ ყანწებში“ ყოფნა. მათი გავლენა ჩემზე დიდია, უფრო – ლიტერატურულ გემოვნების განვითარებაში. ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად ისინი მიყვარს.

პატივს ვცემ ყველა ქართველ მწერალს. რამოდენიმეთი აღტაცებული ვარ. ზოგს კი ბოლომდე ვერ ვკითხულობ.

უფრო მეტს ვკითხულობ, ვიდრე ვწერ. წაკითხული მაქვს თითქმის ყველა მწერალი. რამოდენიმე შევისწავლე და მინდა, მეტი მოვასწრო.

არა ქართველ მწერლებში ყველაზე მეტად მიყვარს პუშკინი პოეზიაში, ტოლსტოი პროზაში და გიოტე ცხოვრებაში. მაკვირვებს და მახარებს ადამიანის ასეთი სისავსე.

ვნატრობ, ვიცხოვრო ლიტერატურული შრომით.

ყოველდღიურად ვმუშაობ გაზეთ „მუშა“-ს რედაქციაში და ხშირად წერის სურვილს კორესპონდენციების სწორებით ვიკმაყოფილებ.

თუ განზრახულ მოგზაურობიდან უვნებლად დავბრუნდი, შევისრულებ, რაც მინდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ბევრის დაწერას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კარგისას. 17 წლის შემდეგ ნახევარი საუკუნე შემისრულდება. მაშინაც ახალგაზრდა ვიქნები. ჩემი გვარი ჯიუტი და გაუტეხელია.

 

სერგო კლდიაშვილი

[1929 წელი]