ნიკოლო მიწიშვილი – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1958

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

ბიოგრაფია, ბიოგრაფიები

ნიკოლო მიწიშვილი

(1896-1937)

ნიკოლოზ იოსების ძე მიწიშვილი (სირბილაძე) დაიბადა 1896 წლის 3 ნოემბერს ღარიბი გლეხის (მჭედლის) ოჯახში, სოფელ ჯვარისაში (ქუთაისის მაზრა). შვიდი წლის იყო, როცა ის მშობლებმა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს. სამოქალაქო სასწავლებლის შემდეგ ნ. მიწიშვილმა სწავლა განაგრძო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები, რის შემდეგაც დაინიშნა მასწავლებლად ვანის რაიონში, სოფელ ტობანიერში. მასწავლებლობდა აგრეთვე სოფელ საჩინოში.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1912 წელს, როცა ის 16 წლისა იყო. ახალგაზრდა მწერალი თანამშრომლობდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“, სადაც იბეჭდებოდა მისი მინიატიურები და სტატიები, აქედან მოყოლებული კალამი ხელიდან აღარ გაუგდია და სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

ლიტერატურულ მუშაობასთან ერთად ნ. მიწიშვილი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. განსაკუთრებით ფართო ხასიათი აქ მოღვაწეობამ მიიღო თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წელს ის რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების გაზეთს „Голос Солдата“-ს. ამის გარდა საქართველოში მენშევიკური ხელისუფლების არსებობის წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა სხვა საზოგადოებრივ-ლიტერატურული გამოცემებიც, როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებიდანვე ნ. მიწიშვილი მუშაობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებაში.

1922 წელს ნ. მიწიშვილის რედაქტორობით რუსულ ენაზე გამოდიოდა გაზეთი „ფიგარო“. ამავე წელს მისი რედაქტორობით გამოიცა მის მიერვე შედგენილი წიგნი „Поэты Грузии“. 1922 წელს ნ. მიწიშვილი გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც 1925 წლამდე დაჰყო. პარიზში ყოფნისას ნ. მიწიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა გაზეთის „ახალ საქართველოს“ დაარსებაში. კომუნისტური პროპაგანდის გამო იგი სამჯერ იქნა გადასახლებული საფრანგეთიდან. ამავე საქმის გამო ნ. მიწიშვილი დაპატიმრებულ და მოთავსებულ იქნა საპყრობილე „სანტეში“. 1925 წელს ნ. მიწიშვილი დაბრუნდა საქართველოში და აქ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მოღვაწეობაში ჩაება.

მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობაში მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგედ, ამავე დროს 1926-1928 წლებში იგი რედაქტორობდა ლიტერატურულ ჟურნალს „ქართულ მწერლობას“. იყო ლიტფონდის დირექტორი, მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელ პოსტებზე. უკანასკნელ წლებში იყო გამომცემლობა „Заря Востока“-ს მთავარი რედაქტორი.

გამოიცა ნ. მიწიშვილის რამდენიმე წიგნი, რომელთა შორის აღსანიშნავია პოემა „შავი ვარსკვლავი“, „გარდაცვალება“, სტატიების კრებული „საზოგადოებრივი საკითხები“, ნოველების წიგნი და მთავარი მისი ნაწარმოები „ეპოპეა“, რომელიც 1930 წელს რუსულ ენაზეც ითარგმნა.

ნ. მიწიშვილი იყო პოეტი და პროზაიკოსი. ლიტერატურულ სიმწიფეში შექმნილი მისი ყოველი ნაწარმოები გამოირჩეოდა პუბლიცისტური სიმძაფრით, მებრძოლი ხასიათით.

შალვა აფხაიძე

Facebook
Twitter