მცირედი მოსაგონარი – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 1947

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 19825-ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

მცირედი მოსაგონარი

(ავტობიოგრაფიული მასალები და მოგონებანი)

დავიბადე 1899 წელს, 27 დეკემბერს, (ახ. სტ.) სოფელ პატარძეულში (გარედ კახეთი). პატარძეული მთელ ივრის ხეობაში ერთ მრავალრიცხოვან და მაგარ სოფლად ითვლება.

მამაჩემმა ნიკოლოზ სვიმონის ძე ლეონიძემ  დაასრულა გორის საოსტატო სემინარია 1886 წელს. მისი სკოლის ამხანაგები იყვნენ: ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა, ვანო ავალიშვილი, ლადო აღნიაშვილი, ალ. გარსევანიშვილი და სხ. მათთან ერთად იგი იყო აქტიური წევრი გორის ხალხოსნური წრისა. ალბად, ამავე წრის ზეგავლენით, გახდა ახლობელი თანამშრომელი გაზეთ „ივერიისა“, „ცისკრისა“, როცა იგი სამეურნეო გაზეთად გადაკეთდა, ჟურნალ „თეატრის“ და სხ. „ივერიაში“ ხშირად შეხვდებით მისს ვრცელ ისტორიულ-არქეოლოგიურ წერილებს და კორესპონდენციებს შიდა ქართლიდან, მთიულეთიდან, გარე-კახეთიდან. როგორც ივანე კერესელიძის მისდამი წერილებიდან ირკვევა, მას „ცისკრისთვის“ გადუთარგმნია სტრუვეს კაპიტალური ნაშრომი მევენახეობასა და მეღვინეობაზე. მამაჩემს კალამი უცდია აგრეთვე მხატვრულს მწერლობაში. დღემდე ჩემს არქივში შემონახულია მისი მოთხრობა „პეპელა“, რომელსაც აწერია რედაქტორის რეზოლუცია-დასკვნა: „არ დაიბეჭდება“. ნიკო ლეონიძე გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა, 39 წლისა (დაბ. 1861 წ.), ბრმა ნაწლავის ანთებით. დარჩა ხუთი შვილი: სამი ვაჟი და ორი ქალი. ვაჟებიდან ყველაზე უმცროსი მე ვარ.

მე ძალიან ადრე გამეღვიძა მწერლობის სიყვარული. 4 წლისამ უკვე ვიცოდი ანბანი და ხუთი წლისა უკვე ვკითხულობდი გაზეთებს. ასე, ოჯახში მე მაკითხებდნენ იაპონიის ომის ამბებს გაზეთ „ცნობის ფურცელში“.

ზემო ბავშვურ გათვითცნობიერებას ალბად ხელს უწყობდა მამაჩემის მიერ დატოვებული ბიბლიოთეკაც და სრულიად ბავშვი გატაცებით ვკითხულობდი ყაზბეგს, ილიას და ქართულ ისტორიულ წიგნებს.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქართული მწერლობის სიყვარული ახასიათებდა არა მარტო მამაჩემს და დედას, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული ქართული მწერლობითა და ისტორიით, არა მარტო ჩემს მამიდებს და დეიდებს, რომელნიც კორესპონდენციებსაც კი ათავსებდნენ მაშინდელ გაზეთებში (დეიდა ჩემის – მაიკო მათიკაშვილის დღიურებით ისარგებლა შიო არაგვისპირელმა რომელიღაც თავის ნაწარმოების შექმნისას, როგორც ამბობს ჩვენი ოჯახური გადმოცემა). თვით ჩემს ბიძებს დედის მხრიდან ფეხი უდგიათ მწერლობაში. ასე: ბიძაჩემი ზაქარია გულისაშვილი (მწერლობაში „შაქრო“) არის ერთ-ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი ჩვენი ხალხოსნური მწერლობისა (იხ. მ. ზანდუკელის წიგნი), სოფრომ მგალობლიშვილთან და ნიკო ლომოურთან ერთად (ამ ჟამად, 1947 წ.) მზადდება გამოსაცემად მისი მოთხრობების და ნარკვევების ტომი.

დედაჩემის ღვიძლი ძმა – ალექსი გულისაშვილი, ძველი სემინარიელი, იყო ახლო თანამშრომელი გაზეთ „დროებისა“ (იხ. მისი ისტორიულ-არქეოლოგიური წერილები: „ბოჭორმა და მისი ნაშთები“, „ნინოწმინდის ტაძარი“, „იალბუზზედ ასვლა“ და სხ.). მეორე ბიძა იერემია გულისაშვილი – ცნობილი დრამატურგია (ავტორი ცნობილი პიესებისა: „დრონი მეფობენ“, „ცხოვრება ბრძოლაა“ (დაბეჭდილია ცალკე წიგნად).

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ობოლი, ჩარიცხულ ვიქმენ თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონერთა რიცხვში, 1907 წელს. კარგად მახსოვს, როცა მე სახლში დამაბინავეს, დედაჩემი გაეშურა სიონის ტაძარში, სადაც ესვენა ილია ჭავჭავაძე. პანაშვიდიდან დაბრუნებული დედაჩემი გვიამბობდა, ილიას გახვრეტილ შუბლზე, ნატყვიარზე, მუხის ფოთოლი აფენიაო. ეს სიტყვები ძალიან კარგად მახსოვს.

აუტანელი და შემზარავი იყო თბილისის სასულიერო სასწავლებლის რეჟიმი. ყოველდღე ლოცვა, წირვა, ქართული ენის აკრძალვა, ყოველგვარი თავისუფლების შეზღუდვა სულს გვიხუთავდა.

ერთხელ, დაახლოებით 1911 წელს, მორიგე ზედამხედველმა გამიჩხრიკა გარდერობი და ორი ქართული წიგნისათვის ორი სილა მითავაზა.

ასეთი დევნა მშობლიური ენისა ჩვენს გულში სასტიკ პროტესტს აღვიძებდა და გვრაზმავდა მჩაგვრელთა წინააღმდეგ. ჩვენ გაორკეცებულის ენერგიით დავეწაფეთ მშობლიური მწერლობის შესწავლას.

1912 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, როცა მესამე კლასში ვიყავი, შევადგინე ლიტერატურული წრე. წრეში ვაწარმოებდით ქართველ მწერალთა შესწავლას. მუშაობამ გაგვიტაცა და ბოლოს შეუდექით ხელნაწერ ჟურნალის გამოშვებას „ფანდური“-ს სახელწოდებით. ვრედაქტორობდი მე. რადგან პანსიონში სასტიკად გვქონდა აღკრძალული ქართულ საერო წიგნების კითხვა, ცხადია, ჟურნალის გამოშვებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა და არალეგალურად უნდა გვემუშავნა. ჟურნალში უმთავრესად ვმუშაობდით: მე, ვანო ჩოხელი (დღეს დამსახურებული ექიმი), გიორგი ღვთისავრიშვილი (გარდაიცვალა სიჭაბუკობაშივე), კოტე ჭრელაშვილი, ბარნაბიშვილი და სხ.

ერთ დღეს გავიგე, რომ ვაჟა-ფშაველა თბილისში ჩამოვიდა. ეს ამბავი პანსიონში მოიტანა კოტე ჭრელაშვილმა, რომელიც გარედან დადიოდა და „ნახლებნიკად“ სცხოვრობდა მწერალ „მელანია“-ს ოჯახში, როგორც ნათესავი. ვაჟაც ამ ოჯახს სტუმრებოდა, როგორც ახლობელი და მეგობარი (მელანიას ცოლის და ჰყავდა ცოლად ვაჟას უმცროს ძმას სანდრო რაზიკაშვილს).

კოტემ მოგვიყვა ვაჟას სტუმრობა და მისი ზოგიერთი ნალაპარაკევი, მელანიას ოჯახში, გადმოგვცა (ლაპარაკი თურმე ეხებოდა მაშინდელ ახალგაზრდა მწერლებს – სანდრო შანშიაშვილს და იოსებ გრიშაშვილს).

ის იყო, ჟურნალის მორიგ ნომერს ვამზადებდი. პირველ გვერდზე „ქრონიკაში“ მკითხველს ვაუწყებდი ვაჟას ჩამოსვლას, ხოლო მეორე გვერდზე მოვათავსე საკუთარი ლექსი „მთის არწივს -ვაჟა-ფშაველას“ და კოტე ჭრელაშვილის ხელით ვაჟას გაუგზავნე, თუ თითონ კოტეს წაეღო, კარგად აღარ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის ბედნიერი ნოემბრის დილა, როცა კოტემ პირველ გაკვეთილზე დამიბრუნა ჩვენი ჟურნალი შიგ ვაჟა-ფშაველას საკუთარი ხელით ჩაწერილი ლექსით (ჩემი ლექსის მეორე ცარიელ გვერდზე პასუხად). აი, ეს ლექსიც:

„სიჭაბუკის დროს პირველად,

როს ვახილებდი თვალებსა

და ვუცქეროდი მტირალი

სამშობლოს განაწვალებსა,

ვეძებდი აქეთ-იქითა

ქვეყნის დამხმარე ძალებსა,

არავინ უჩნდა დარაჯად

ამ ჩვენს დაჩაგრულ მხარესა;

ვტიროდი უფრო ძალიან,

ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა,

…დღეს, ვხედავ, გამრავლებიან

მშობელ ქვეყანას შვილები,

მტერს არ მისცემენ სათელად

თავის სამშობლოს გმირები,

მირჩება წყლული გულისა,

ვყუჩდები ანატირები…

გასაგებია, თუ რა დიდ სიხარულს გამოიწვევდა ჩემში დიდი მგოსნის ლექსი, ჩემი ლექსის პასუხად დაწერილი (ეს ლექსი 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „განათლებაში“).

აქვე უნდა ავღნიშნო ერთი ფაქტი, რომელიც მაშინ მე არ ვიცოდი. საქმე იმაშია, რომ მამაჩემი – ნიკო ლეონიძე ვაჟა-ფშაველასთან ერთად სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. მამა რომ ხსენებულ სასწავლებელში სწავლობდა, ეს ვიცოდი, მაგრამ მისი დაახლოვებული მეგობრობა ვაჟასთან გავიგე მხოლოდ 1922 წელს, როცა შიო მღვიმელმა და სოფრონ მგალობლიშვილმა დაბეჭდეს თავისი მოგონებები ვაჟა-ფშაველაზედ და იქ მოიხსენიეს მამაჩემი, როგორც ვაჟას განუყრელი მეგობარი. მათი მონაწილეობა გორის ხალხოსნურ წრეში, კრივში, თევზაობაში და სხვა.

ამ რიგად, არც ვაჟა-ფშაველამ იცოდა, რომ მე მისი ახლო მეგობრის შვილი ვიყავ და არც მე ვიცოდი, რომ ვაჟა მამას მეგობარი იყო.

 

* * *

ლექსების წერა დავიწყე 1909 წელს. თუმცა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის სიკვდილზე, 1907 წელს მაქვს დაწერილი „ლექსისებური“ რაღაც, რომელიც ახლაც შემრჩენია ჩემს არქივში.

ოფიციალურად პირველი ჩემი ლიტერატურული გამოსვლა ეკუთვნის 1910 წელს, როცა ჟურნალ „ჯეჯილში“ დაიბეჭდა ჩემი თარგმანი „მხვნელ-მთესველის მეგობრები“. 1911 წელს, ივ. როსტომაშვილის ორ-კაპეიკიან გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა ჩემი ლექსები: „მცხეთას“ და „ხმალს“.

სხვათა შორის, ერთი პატარა ამბავი:

ივანე როსტომაშვილს გაუჭირდა გაზეთის გამოცემა და გაზეთით სთხოვდა თავის თანამშრომლებს, რათა ფულით დახმარებოდნენ და დაბეჭდვაში, სტრიქონზე ერთი კაპეიკი გადაეხადნათ.

იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“ როსტომაშვილის წინადადებას სასტიკი დაცინვით გამოეხმაურა. მან დაბეჭდა კარიკატურა, რომელშიც გამოსახულია პატარა ბავშვი, რომელსაც ლექსი მოუტანია რედაქტორისთვის. ბავშვი ეუბნება, მართალია, ლექსში ათი სტრიქონია, მაგრამ მე ცხრა კაპეიკი მოგიტანეო. „ეშმაკის მათრახის“ ამ კარიკატურას მოჰყვა სასტიკი წერილი ივ. როსტომაშვილისა, სახელწოდებით „ფშუტურებო“ („ფშუტურა“ ნიშნავს ფიტულს, „ჩუჩელო“-ს). წერილში აღშფოთებული რედაქტორი თავს აწონებს თვით „მცირე“ თანამშრომლებსაც და კონკრეტულად მასახელებს მე დიდის ქებით და მომავალის ქადებით. ეს იყო 1911 წელს.

ამ წელს მე დავბეჭდე კიდევ რამდენიმე ლექსი საკუთარი გვარით და „გ. ივრისხეველის“ ფსევდონიმით. და აგრეთვე მოთხრობა „მკვდრის პასუხი“, თარგმნილი რუსულიდან. ამავე ხანებში მე ვსთარგმნე საბავშო წიგნი „აკობზარი“ (ლეგენდარული ცხენის სახელია) ყირგიზების ცხოვრებიდან.

ლიტერატურული გონორარი მაშინ თითქმის არ არსებობდა ჩვენში და მე, როგორც ბავშვს, მით უმეტეს, ოცნებაც კი არ შემეძლო, მაგრამ 1913 წელს, ერთ მზიან დილას, როცა მე შეველი „ნაკადულის“ რედაქციაში მორიგი ახალი ნომრის მისაღებად, რომელშიც ჩემი ლექსი „შემოდგომა“ იყო დაბეჭდილი, „ნაკადულის“ რედაქტორმა – ნინო ნაკაშიძემ შემაჩერა, არ წახვიდეთ, ჰონორარი გაქვთ მისაღებიო და იქვე გადმომითვალა ვერცხლის ფულად რვა მანეთი და ათი შაური. მე გავშრი ასეთი უჩვეულო ყურადღებით, მაგრამ ნინომ პირდაპირ ძალით ჩამომაჩეჩა ხელში ხსენებული თანხა.

გამოველ რედაქციიდან თუ არა, მე პირდაპირ წიგნის მაღაზიებს ვეცი და ჩემი სასურველი წიგნები ვიყიდე, რომელთა შეძენას საკუთარი ფულით, წინადღეს ვერც კი წარმოვიდგენდი.

ასეთი იყო ჩემი პირველი გონორარი. შემდეგში კი ასეთი გონორარი აღარ ამიღია, რადგან „ნაკადულში“ აღარ ვწერდი. პირველი ნამდვილი გონორარი, რასაკვირველია, მე ავიღე მხოლოდ გასაბჭოების შემდეგ.

 

* * *

ბავშობიდან მე ძალიან ვეტანებოდი ქართულ ისტორიულ წიგნებს.

პირველი ასეთი წიგნი იყო იაკობ გოგებაშვილის „თავდადებულნი ქართველნი“, რომელმაც პირდაპირ წარუხოცელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე. ეს იყო 1906 წელს. წიგნი მივიღე საჩუქრად შობის ხეზე, რომელიც სოფ. ახალ-სოფლის (მარტყოფთანაა) სკოლამ გამართა.

ასეთივე დიდი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე აკაკი წერეთლის „სოლომონ დიდმა“, სიკო კანდელაკის მიერ ნაამბობი (აკაკის ჟურნალ „კრებულში“). 1907 წელს უკვე წაკითხული მქონდა საქართველოს ისტორია მოსე ჯანაშვილისა და „ქართლის ცხოვრება“ ზ. ჭიჭინაძის მიერ გამოცემული. შემდეგ დავეწაფე აგრეთვე რუსულ ხელმისაწდომ წიგნებს საქართველოს ისტორიის შესახებ. მალე ისე გავიწაფე, რომ თვით დავიწყე ისტორიულ-არქეოლოგიურ კომპილიაციების წერა და ბეჭდვა.

ასე, 1912 წელს, გაზეთ „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა ჩემი: „სამების მონასტერი გარედ-კახეთში“, „მიქელ მოდრეკილი“, „ს. ნინოწმინდა და მისი ტაძარი“, „ამბროსი ნეკრესელი“, „ივერიის ათონის მონასტერი“ (ორს ფელეტონად), 1913 წ. გაზეთ „თემში“ დავბეჭდე „უჯარმა და მისი ნაშთები“, და სხ.

იმავე ხანებში მე შეუდექი ენერგიულად ძველი ხელნაწერი წიგნებისა და სიგელების შეგროვებას, რომელთაც ვსწირავდი წერა-კითხვის საზოგადოებას და საქ. საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმებს. მრავალ ჩემს შეწირულებათა შორის აღსანიშნავია: „წმ. ევსტატის ცხოვრება“, „ფუტკარი“, „ვახტანგიანი“, „კატიღორია“ ანტონ კათალიკოზისა, „ამბროსი ნკრესელის ქადაგებანი“ და სხ. სიგელებიდან – გედევანიშვილების სიგელები 15-18 საუკუნეებისა, ცნობილი „არვანბეგის“ სიგელი მეცამეტე საუკუნისა, ციციშვილების საგვარეულო კოლექცია და მრ. სხვა…

 

* * *

აქ მე მინდა ვახსენო ჩემი ერთი დიდი მოამაგის სახელი. ეს არის ზაქარია ჭიჭინაძე. ეს დაუცხრომელი მოხუცი დიდათ გვაქეზებდა მწერლობით დაინტერესებულ მოწაფეებს.

ყოველ კვირა დილით მივდიოდით მასთან წიგნების სასყიდლად (თუმანოვის ქუჩაზე) და ორ-სამ აბაზში გვატანდა 20-25-მდე წიგნს. ზოგ წიგნში ფასს სრულიადაც არ იღებდა. მის ბინაზევე ვეცნობოდით ზოგ ჩვენს მოღვაწეებსაც, რომელნიც მამაშვილური კურთხევით გვისტუმრებდნენ.

ასეთივე ჩვენი მფარველი იყო მეორე მხცოვანი ბიბლიოფილი ივანე როსტომაშვილი, რომელმაც სათითაოდ დაგვირიგა მის მიერ გამოცემული ბატონიშვილი ვახუშტის გეოგრაფია და თან დაგვმოძღვრა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის საჭიროა მისი ცოდნაო.

ასეთივე დიდი ამაგი ჰქონდა ჩემზე მოსე ჯანაშვილს, რომელიც თავისს პატარა მეგობარს მეძახდა, რომელსაც არა ერთხელ უჩუქებია ჩემთვის საკუთარი წიგნები წარწერით, აგრეთვე ანტონ ნატროშვილს (ავტორი „Мцхет и его собор Свэти-цховели“), ჩემს ნათლიას და ჩემს მასწავლებელს.

დასასრულ, არ შემიძლიან, დიდი სიყვარულით არ მოვიგონო ჩემი ორი მასწავლებელი, შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და ცნობილი მწერალი ვასილ ბარნოვი, რომელთა ყურადღებით ასე ვარ დავალებული.

შიო შიუკაშვილი ქართულ ენას გვასწავლიდა სასულიერო სასწავლებელში. იმ საშინელ ატმოსფეროში, რომელიც მაშინ სასულიერო სასწავლებელში სუფევდა, შიო შიუკაშვილი ჩვენთვის, მოწაფეებისთვის ერთადერთი შუქურა იყო. იგი დაუცხრომელად გვიღვიძებდა გულში სამშობლოს სიყვარულს, გვაძლევდა წიგნებს, გვასწავლიდა ზედმიწევნით ენას და ისტორიას, გვახალისებდა, გვაქეზებდა, გვაძლევდა გადასაწერად ძველ ქართულ ხელნაწერებს, რათა ძველ-ქართულის კითხვაში თვალი გაგვეტეხა და გადაწერაში სასყიდელსაც გვაძლევდა. ყოველივე ამას აკეთებდა თითქმის არალეგალურად, რადგან ასეთი მოღვაწეობისათვის იგი ათვალისწინებული ჰყავდა სასწავლებლის მთავრობას, რომელსაც შავრაზმელი რუსობა შეადგენდა.

სამშობლოს სიყვარულში გვაქეზებდნენ აგრეთვე ჩვენი გალობის მასწავლებლები – ნიკო სულხანიშვილი და შემდეგ ია კარგარეთელი, რომელნიც ძალიან ხშირად, გალობის გაკვეთილის მაგიერ გვმოძღვრავდნენ, როგორც ანთებული პატრიოტები.

დასასრულ, ჩემთვის დიდ ბედნიერებას შეადგენდა ის გარემოება, რომ სასულიერო სასწავლებლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში შესვლისას (1913 წ.) მე მოვხვდი ვასილ ბარნოვის მოწაფეთა რიცხვში. ჩვენი მეგობრობა მალე გაიბა. მე მისი უსაყვარლესი მოწაფე და მესაიდუმლე გავხდი. არ მახსოვს, მას რაიმე მოთხრობა ან რომანი დაეწეროს, რომ ჩემს ხელში არ გაევლოს. ბოლოს მან ოფიციალურად მიძღვნა თავისი რომანი „ხაზართა სასძლო“, რომლის პოსტპრიქტუმში გამჟღავნებულია დიდი სიყვარული ჩემდამი, რასაც, რასაკვირველია, მე არც ერთს შემთხვევაში არ ვიმსახურებ.

ვასილ ბარნოვმა და ზემორე ჩამოთვლილ მასწავლებლებმა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს და მათ ნათელ, ჭაღარა სახეებს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ.

სასულიერო სემინარიიდან და სასულიერო სასწავლებლიდან მე გამომყვა კარგი ქართულის ცოდნა, სასულიერო მწერლობის ცოდნა და აგრეთვე ლათინური ენის და რუსული ისტორიისა, რასაც გატაცებით ვსწავლობდი. სხვა რამ ამ სასწავლებლებს ჩემთვის არა მოუციათ რა.

 

* * *

არ შემიძლიან, სიყვარულით არ გავიხსენო ჩემი ბავშვობის ერთი აღმზრდელთაგანი, ცნობილი „ჯეჯილის“ რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისა, რომელსაც მე წარვუდექი ჩემი ლექსებითა და მოთხრობებით 1910 წლის შემოდგომაზე. მან დიდი ალერსით მიმიღო და ალბად მან მომცა საბაბი, რომ თითქმის ყოველდღე მევლო მასთან. სულ მალე, 1910 წ. „ჯეჯილის“ ნოემბრის ნომერში, მე ვნახე დაბეჭდილი ჩემი გვარი და სახელი და სიხარულით ცას ვეწეოდი. 1911 წელს, როგორც ზემოთ მოვიხსენიე, გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა ჩემი პირველი ლექსები, მას შემდეგ მე ძალიან ხშირად ვიბეჭდებოდი ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ „განათლება“-ში, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“, გაზეთ „სახალხო გაზეთის“ (შემდეგ „სახალხო ფურცლის“), „საქართველოს“ დამატებებში და სხ. რასაკვირველია, უმრავლესობა ამ ლექსებისა – ბავშვური ვარჯიშობაა და არც ერთს ჩემს კრებულში არ შემიტანია.

1916 წელს მე ჩემი საკუთარი ფულით გამოვეცი მხატვრული კრებული „საფირონი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: სანდრო შანშიაშვილი, კოტე მაყაშვილი, შიო მღვიმელი, ნიკო ლორთქიფანიძე, განდეგილი, გერონტი ქიქოძე და სხვები. აქვე დავბეჭდე ალექსანდრე ყაზბეგის უცნობი მოთხრობის „ბედკრულაძის ოჯახი“-ს ნაწყვეტი.

ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი, როცა ვიცოდი, რომ სემინარიაში პოეტების წრე არსებობდა. ჩემი უფროსი ძმის მეოხებით მე მალე გავიცანი სემინარიელი პოეტები: აკაკი სვანი (მარგიანი), ვასო გორგაძე, ქელბაქიანი და სხ. რომელნიც თავისს საკუთარ ლექსებს მიგზავნიდნენ სასწავლებლის პანსიონში. განსაკუთრებით დამიახლოვდა ვასო გორგაძე, რომელიც ყოველ კვირას მინახულებდა ხოლმე პანსიონში თავისი ახალ-ახალი ლექსებით.

1913 წელს მე შეველი სასულიერო სემინარიაში. სწორედ ორი წლით ადრე სემინარიიდან დაეთხოვნათ გალაკტიონ ტაბიძე, ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს „დემონს“ (ქუჩუ ქავთარაძე), ვერ აეტანა სემინარიის რეჟიმი და თავი მოეკლა. გორგაძე უკვე ათავებდა სემინარიას, ხოლო ი. მოსაშვილს უკვე მოესწრო ხარკოვის უნივერსიტეტში შესვლა.

მიუხედავად სემინარიის ლიტერატურული ძალების ასეთი დაქსაქსულობისა, ახლად მისულებმა ჩამოვაყალიბეთ ახალი ლიტერატურული წრე და მხნეთ შეუდექით მუშაობას. ჩვენ დავაარსეთ არალეგალური ხელნაწერი ჟურნალი „ფუტკარი“, რომლის რედაქტორადაც მე ვითვლებოდი. სარედაქციო ოთახი გვქონდა დღ. ნიკოლაძის ქუჩაზე, ამხანაგის ბინაზე. ჟურნალი რამდენიმე ეგზემპლარად გამოდიოდა. გადაწერასაც ჩვენ თითონ ვკისრულობდით.

სათავადაზნაურო გიმნაზიის მოწაფეებიდან მხარს გვიჭერდნენ: ნიკო კეცხოველი, დათა აგლაძე, გრიშა მეგრელიშვილი. უკანასკნელი, როგორც მეტად ნიჭიერი პოეტი, მწერლობაში გამოდიოდა „მთის ნიავი“-ს ფსევდონიმით. 1919 წელს, იგი მოჰკლეს ოსმალოს ასკერებმა აწყურის ფრონტზე, როგორც მხნე მებრძოლი სამშობლოსათვის.

1913 წლის ნოემბერში ახლად დაარსებულმა ჩვენმა ლიტერატურულმა წრემ მონაწილეობა მიიღო სემინარიის ყოველწლიურ „ლიტერატურულ აქტში“, რომელსაც დაესწრნენ: კავკასიის ნამესტნიკის მეუღლე, სასახლის დიდკაცობა და საქართველოს ექსარხოსი. `აქტზე~ მე წავიკითხე ლექსი „შემოდგომა“. რეცენზია ამ ლიტერატურული საღამოს შესახებ დაიბეჭდა მაშინდელს გაზეთებში (ვრცლად გაზეთს „თემში“).

 

* * *

1917 წლის რევოლუციამ სკოლის მერხზე მოგვისწრო. რამდენიმე თვის შემდეგ შესდგა მოწაფეთა კომიტეტი, რომლის წევრადაც მეც ვითვლებოდი. კომიტეტის მიერ არჩეულმა დელეგაციამ (რომელშიც მეც შევდიოდი) ულტიმატუმით მიჰმართა ჩვენს მჩაგვრელ შავრაზმელ მასწავლებლებს, რათა ორს დღეში დაეტოვებინათ სემინარია, რაც უყოყმანოდ შეასრულეს. მალე რექტორად დაგვინიშნეს კორნელი კეკელიძე, რომელიც ამავე დროს ღვთისმეტყველებას და ეკლესიის ისტორიას გვასწავლიდა.

1918 წლის იანვარში გავათავეთ სემინარიის კურსი და შემდეგ წელს შეველი ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გამოველი მემარცხენე მწერლობით გატაცებული.

რადგან მენშევიკური მთავრობა მწერლობას არავითარ დახმარებას არ უწევდა, მაშინ თვით მწერალთა ჯგუფებმა მიჰყვეს ხელი გამოცემის საქმეს. ასე იბეჭდებოდა ჟურნალები: „ხომალდი“, „ცისარტყელა“, გაზეთი „ბარიკადი“ და სხ..

ქართული მწერლობის გაჭირვებას ბოლო მოეღო მხოლოდ საქართველოს გასაბჭოებისას.

1921 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში მე წარუდექი განათლების სამინისტროსთან არსებულ „გლავპოლიტპროსვეტს“, სადაც მუშაობდნენ: გიორგი ხაჭაპურიძე და სანდრო ეული და გამოვსთქვი ჩემი სურვილი მუშაობის შესახებ. 1-ელ მარტიდან მე უკვე შეუდექი მუშაობას „გლავპოლიტპროსვეტის“ „ლიტო“-ში (ლიტერატურული განყოფილება). სამი-ოთხი თვის განმავლობაში სანდრო ეულთან ერთად (მე მის ერთ-ერთ თანაშემწედ ვითვლებოდი) მე 50-ამდე ქართული წიგნი გამოვეცი. პოლიტგანათლებაში ჩვენ დავაარსეთ აგრეთვე იუმორისტული ჟურნალი „ყუმბარა“, წითელ არმიელთა გაზეთი „წითელ-არმიელი“. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მუშაკთაგანი სამხედრო კორესპონდენტებთან და მონაწილე სამხკორთა კონფერენციისა.

პოლიტგანათლებაში გამოცემულ წიგნებიდან აღსანიშნავია სხვათა შორის „რევოლუციის პოეტები“, ჩემი რედაქციით გამოსული.

1922 წელს, 1-ელ ივნისიდან მე შეუდექი საკუთარი გაზეთის, ყოველ-კვირეული ლიტერატურული გაზ. „ბახტრიონის“ გამოცემას. ეს იყო პირველი ქართული პერიოდული ლიტერატურული გაზეთი, რომელიც წლის ბოლომდე რეგულიარულად გამოდიოდა.

ამ გაზეთის დამსახურებად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ მან პირველმა გასწია პროპაგანდა გენიალური სახალხო მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ; პირველმა დაადგინა მისი ბიოგრაფია, მისი სადაურობა (ქიზიყი, მირზაანი). ყოველივე ეს იყო აღნიშნული „ბახტრიონის“ სპეციალურ ნომერში, რომელიც მიეძღვნა ფიროსმანს.

ფიროსმანის ნომრის გარდა გამოვეცით სპეციალური ნომრები ვაჟა-ფშაველასა, ილია ჭავჭავაძისა, იაკობ ნიკოლაძისა, არტურ ლაისტისა და სხ. იმ დროისათვის, როცა მბრძანებლობდა „მემარცხენე“ გემოვნება, ასეთ პროპაგანდის ინიციატივას დიდი დაბრკოლებები ეღობებოდა.

 

* * *

მე ბედნიერი ვარ მით, რომ მომიხდა ხილვა დიდი ქართველი პოეტების – აკაკი წერეთელის და ვაჟა-ფშაველასი.

კვირადღის საღამო იყო. დღევანდელი შოთა რუსთაველის ძეგლის სიახლოვეს, ჩემი ყურადღება მიიპყრო უეცარ სანახაობამ. მთელი ქუჩა განცვიფრებული უყურებდა მომავალ ეტლს, რომელშიც იჯდა ვინმე ჭაღარა, თითქოს ღმერთ-კაცი. შევხედე და მაშინვე ვიცანი აკაკი წერეთელი, ჩვენი ღვთაებრივი აკაკი!.. სწორედ ერთი კვირის შემდეგ მომეცა ბედნიერება, მომესმინა თვით აკაკის ხმა.

„ზუბალოვის სახალხო სახლში“ (დღევანდელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში) შესდგა სალიტერატურო დილა. პირველად გამოვიდა აკაკი. ეს იყო 1913 წლის ზაფხულს (ვგონებ, მაისში). მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. აკაკიმ დაიწყო კითხვა ლექსის „მთაწმინდა“, რატომღაც შეჩერდა ერთ ალაგას, დაავიწყდა. აუდიტორიამ დავიწყებული ლექსის ხანა უკარნახა. აკაკიმ განაგრძო. შემდეგ კიდევ დაავიწყდა. ხალხმა კიდევ უკარნახა. აკაკი აღელდა.. ეს იყო მომენტი ცოცხალი კავშირისა პოეტსა და ხალხს შორის, გულის აღმძვრელი, ამაჩუყებელი…

ოვაცია გრძელდებოდა ათს წუთს…

ფეხზე ამდგარი ხალხი არ სცხრებოდა…

შემდეგ, თავის ღარიბულ ჩოხაში გამოვიდა ვაჟა-ფშაველა. ჯერ წაიკითხა „არწივი ვნახე დაჭრილი“, შემდეგ „ბახტრიონი“-ს შესავალი.

„მოგესალმებით ქედებო,

მომაქვს სალამი გვიანი“…

არავითარი ჟესტი. როგორ არ ჰგავდა მისი ლექსების დღევანდელ მკითხველებს. არც „ფშაური“ მოქცევა ენისა, არც ხმის ყალბი აწევა. თითქოს საუბრობსო. კითხულობდა თითქოს ოდნავ დარცხვენილი, ოდნავ ხამი სცენისა. საზოგადოებამ გულთბილად მიიღო მხოლოდ… არავითარი ოვაციები ხალხს ვაჟასთან არ გაუმართნია. ეტყობოდა, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ იცნობდა ვაჟას, როგორც ბუმბერაზ პოეტს… და ეს იყო 1913 წელს, ვაჟას სიკვდილამდე ორი წლის წინედ… შემდეგ გამოვიდნენ: ია ეკალაძე, ნარკანი (ნიკოლოზ კურდღელაშვილი), სანდრო შანშიაშვილი, ი. გრიშაშვილი. შანშიაშვილი პირველად ვნახე ამ დილას, და მახსოვს, როგორ ავყევი მას ვერის ხიდზე, როგორც მისი პოეზიის დიდი მათაყვანებელი.

აკაკისა და ვაჟა-ფშაველას გარდა, მე შევესწარი გასული საუკუნის დიდსა და პატარა ხალხს. მე მისაუბრნია ნიკო ნიკოლაძესთან, ახლო ვიცნობდი კრიტიკოსს – ხომლელს, შიო მღვიმელს, გიგო ყიფშიძეს („ივერიის“ მდივანს და ცნობილ მთარგმნელს), სოფრონ მგალობლიშვილს, ბაჩანას, შიო დავითაშვილს, ილია აგლაძეს, შაქრო ბილანიშვილს, არტემ ახნაზაროვს, შიო არაგვისპირელს და მრავალთა სხვათ. ზოგი მათგანის წერილები ჩემდამი, დღემდის შენახული მაქვს, როგორც ძვირფასი სახსოვარი.

რაკი „ძველ ხალხთან“ ნაცნობობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მე უნდა გავიხსენო აგრეთვე სომხური მწერლობის კლასიკოსი _ ოვანეს თუმანიანი, რომელიც გულწრფელი მოყვარული იყო ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის. მან ერთხელ, საგანგებო სადილი გაგვიმართა ქართველ პოეტებს, სადაც წაიკითხა თავისი ახალი ლექსი „ქართველ პოეტებს“.

„სომეხ-ქართველთა ომის“ დღეებში, ის აცრემლებული ტიროდა და მოგვიწოდებდა კავკასიის ხალხთა სოლიდარობისაკენ. ხსენებულ ომის დღეებში მან გამოაქვეყნა მოწოდება ორივე ერისადმი. ცნობილია, რომ მან თავისს შვილებს აუკრძალა მონაწილეობა მიეღოთ ქართველ-სომეხთა ომში, რომელიც დაშნაკებმა და მენშევიკებმა მოახვიეს თავზე ქართველსა და სომხის ხალხებს. აქვე არ მინდა დავივიწყო ჩემი მეგობრობა და ნაცნობობა რუსულ პოეზიის ორს ბრწყინვალე წარმომადგენელთან. მე ვლაპარაკობ ვლადიმერ მაიაკოვსკიზე და სერგეი ესენინზე. სერგეი ესენინი იყო ქარიშხლიანი ადამიანი, მუდამ ზარხოში, მუდამ „ყალყზე აწეული“, სკანდალების და დუელის მოყვარული. ვლადიმერ მაიაკოვსკი პირიქით – წყნარი, დინჯი, დარბაისელი, საქმიანი კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა. ის ყოველდღე შემოქმედებითს მუშაობაში იყო და ამბობდენ მუდამ: „ის რა დღეა, რომ 8-10 სტრიქონი არ გამოვიმუშავოო“. ერთხელ, მე შევხვდი „სასახლის“ ქუჩაზე. რაღაცას ბუტბუტებდა გზად მომავალი. გამოირკვა, თურმე ლექსს სწერდა…

ამხანაგებმა ერთხელ, სადილი გაუმართეთ ორთაჭალაში, ცნობილ ჩოფურაშვილის დუქანში. შემთხვევით გვერდით უჯექი. მოულოდნელად მომმართა სუფთა ქართულად:

– თქვენი ენა ძალიან აჭრელებულია რუსიციზმებით, ეს არ ვარგა!

მე გამიკვირდა, რომ ქართულად დაილაპარაკა და გაოცებულმა შევძახე:

– ვლადიმერ, განა ქართული იცით, საიდან?

– როგორ არა, – მომიგო ბოხი ხმით იმერულ აქცენტზე, – მე ქუთაისში გავიზარდე. ათ წლამდის იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და იცით, ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე რომელმა პოეტმა მოახდინა? – იროდიონ ევდოშვილმა!.. მაშინ, 1905 წელში, ქუთაისში დიდი და პატარა ვმღეროდით მისს ლექსს: „მეგობრებო წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული!    “

სამწუხაროდ, მეტი აღარ მახსოვს. მაშინ კი, ევდოშვილის ეს ლექსი თავიდან ბოლომდის ზეპირად ვიცოდი. ამ ლექსმა, რომელიც მაშინ ნამდვილი „ქართული მარსელიეზა“ იყო, წარუხოცელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე! – მიამბობდა ვლადიმერ მაიაკოვსკი, რასაკვირველია, რუსულად.

– ახლა კი თქვენი ენა აჭრელებულია რუსიციზმებით. აბა, რა არის ასეთი ნათქვამი: „სლესარს კალესო წაუღე გასაკრასკავად“. აქ მხოლოდ ერთი სიტყვაა ქართული „წაუღე“, დანარჩენი კი -რუსული!

ვახშამზე ძალიან წყნარად იჯდა. არც სადღეგრძელო უთქვამს და არც არაფრით არ გამოჰხმაურებია ქართულ ნადიმს. დილის 7 საათზე მე და მაიაკოვსკი ორნი ვბრუნდებოდით ორთაჭალიდან ტრამვაით. ტრამვაიში მას ცოტახნით ჩაეძინა. შემდეგ მივიყვანე თავისს ბინაზე, სასტუმრო „ორიანტში“.

ესენინი პირიქით, მეტად ლირიკული ადამიანი იყო პირად ცხოვრებაში. ბუნებით მეტად ნაზი, მასთან მეტად ლაღი და რაც გასაკვირია, მეტად „ეშმაკი“, რუსები რომ იტყვიან, „Лукавый“. უყვარდა პოეტური ტყუილები და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც თავისი ნაცოლარის, ცნობილის აისედორე დუნკანის, რაც ჩემთვის არა ერთხელ გაუმჟღავნებია.

ერთხელ, მე და მას ერთად გვეძინა დღევანდელს მწერალთა კავშირის შენობაში. გათენებისას გამოიღვიძა და ტირილი დაიწყო.

– სერგეი, სერიოჟა, რა დაგემართა? – ვეკითხები მე.

– წუხელის სიზმარი ვნახე, ჩემი ორივე და ქუჩა-ქუჩა მოწყალებას თხოულობდნენ! დღესვე უნდა რამენაირად ფული ვიშოვნო და დებს გავუგზავნო!

შუადღისას მე და სერგეი ვიყავით „ზარია ვასტოკა“-ს გამომცემლობაში. მან ხელშეკრულება დასდო გამომცემლობასთან და ხელშეკრულების მიხედვით მიღებული ავანსი იმავე დღეს მთლიანად გაუგზავნა მოსკოვში თავისს დებს.

ერთხელ, და ისიც კაფე „ქიმერიონში“ (რუსთაველის თეატრის ქვეშ), მე და სერგეი ესენინს დიდი ჩხუბი მოგვივიდა, რადგან ძალზე მთვრალი ვერაფრით ვერ დავაწყნარე და იქ მჯდომ მანდილოსნებს შეურაცყოფას აყენებდა. საქმეში ჩაერია მილიცია. ესენინი დაატუსაღეს და მეორე თუ მესამე დღეს, თბილისის რუსულ გაზეთში „Тифлисская Правда“-ში დაიბეჭდა წერილი პოეტების თავგასულობის შესახებ.

მაგრამ მე და ესენინი მალე შევრიგდით. მალე რუსეთში წავიდა და მეგობრებთან მოწერილს წერილებში პირველ მოკითხვას მე მითვლიდა.

ჩვენი ჩხუბის შემდეგ მან დასწერა ლექსი „Поэтам Грузии“:

„Ссорилися сомнища племен,

Зато не ссорились поэты.

…..

Поэт поэту есть кунак“… და სხ.

„გარდასულ ხალხიდან“, არ შემიძლიან, არ მოვიგონო ჩემი ახლო მეგობრობა ბელორუსიის სახალხო პოეტთან – იანკა კუპალასთან და ცნობილ რუს ბელეტრისტ, „ცუსიმას“ ავტორ ნოვიკოვ-პრიბოისთან.

ორივე ჩემთან იყვნენ სტუმრად 1937 წელს, რუსთაველის იუბილეს დღეებში. შემდეგ ერთად წაველით წყალტუბოში. ორივენი აღტაცებულნი იყვნენ საქართველოთი. იანკა კუპალამ არა ერთი ლექსი დასწერა საქართველოზე. ერთი ლექსი მისივე თხოვნით („გენაცვალე“) მე ვთარგმნე ქართულად. იგი აღტაცებული იყო საქართველოში პოეტების მიღებით და ხშირად შეგვნატროდა. ერთხელ, გულისტკივილით წარმოსთქვა: „ბელორუსიაში „მწერალი“ ზოგს „Писарь“-ი ჰგონიათო და მე ხშირად მიწვნევია ეს ტკივილიო“. და ამას ამბობდა არა დამწყები, არამედ პოპულარული, სახალხო პოეტი..

უკანასკნელად იგი ვნახე მოსკოვში 1941 წელს. ორივემ ერთად მივიღეთ სტალინური სახელობის პრემია და შემთხვევით, ორივე ერთად გავეშურეთ ბანკში პრემიის თანხის მისაღებად. როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ფულის აღებაზე, მთელმა ბანკმა ფეხზე ადგომით ოვაცია გაგვიმართა.

დათქმული გვქონდა, რომ ორივეს ერთად უნდა გვესადილნა იმ დღეს, მაგრამ როცა ბანკიდან გამოველით, იანკამ გვერდით ქუჩისკენ გასწია და მას მერე აღარ მინახავს… ომის წლებში, იგი კიბიდან გადმოვარდა და დაიმსხვრა მოსკოვის დიდ სასტუმრო „Москва“-ში.

ნოვიკოვ-პრიბოი, ეს დაუდგრომელი მეზღვაური და ენთუზიასტი, უკანასკნელად ვნახე მოსკოვში 1942 წელს პლენუმზე. პლენუმის შემდეგ ერთად ვისადილეთ მწერალ პეტროვთან ერთად (რომელიც სულ მალე დაიღუპა თვითმფრინავის კატასტროფის დროს). დაღონებული იყო, დაძმარებული… სიბერე ძალზე ეტყობოდა…

– ჰხედავ, რას გვიბედავს მტერი? მაგრამ ბოლო ჩვენია! რუსის ხალხმა იცის მაგარი პასუხი! სანამ სტალინი გვყავს, არაფრისა არ გვეშინიან! – ამბობდა დაიმედებული და მუშტს არტყავდა მაგიდაზე.

ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა..

მე ახლაც სახსოვრად მაქვს შენახული საკუთარი დიდი წარწერით ჩემდამი მოძღვნილი მისი წიგნი „Цусима“.

სხვათა შორის, ერთი დეტალი: როცა პლენუმი მიმდინარეობდა, ყურადღებას იქცევდა შემდეგი სურათი: მწერალთა კლუბი მოსკოვში მტერს დაებომბა და პრეზიდიუმს ახდილ ჭერიდან თავისუფლად დასდიოდა თოვლი. მაგრამ ასეთი აგზნებული, გულ-გამაგრებული, იმედიანი ხალხი არ მინახავს, როგორც ამ პლენუმის მონაწილენი… ეს ის დრო იყო, როცა მტერი ჯერ კიდევ მოჟაისკში იდგა, მოსკოვთან სულ ახლოს.

 

* * *

1943 წელს მე მივიღე მონაწილეობა საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წარგზავნილი იყო ფრონტზე ანაპის ქართულ დივიზიაში. კვირა დილით, როცა ჩამწკრივდა ჯარის ნაწილები, მე გამოველი მისასალმებლად ლექსით. არასოდეს არ მიგრძვნია ასეთი მღელვარება როცა ლექსი დავიწყე:

„სალამი საქართველოსი,

ცაში აყრილი მთებიდან..

მტკვარმა, რიონმა, თბილისმა,

მოკითხვა გამოგიგზავნეს!“

შევხედე მრავალ მებრძოლს, სქელ ულვაშებზე ცრემლი მოსდიოდათ. მე თვით ავძაგძაგდი და ლექსი ძლივს გავაგრძელე (ლაპარაკია ჩემს პოემაზე „ქართველ მეომრებს“). ლექსის დამთავრებისას მებრძოლებმა მაღლა ამწიეს და „ჰაერში მისროლეს“.

გამოსვლა მომიხდა კიდევ მეორე დღეს სხვა ნაწილში და აქაც იგივე გამეორდა. მაშინ პირველად ვიგრძენ სიტყვის მნიშვნელობა და როლი პოეტისა. დელეგაციაში შედიოდდნენ: მიხეილ ბარამია (ცენტრალური კომიტეტის მდივანი), აკაკი ხორავა, უჩა ჯაფარიძე, სიმონ ჩიქოვანი, გიორგი კირვალიძე და მე.

გზად, ანაპიდან გამოსვლით, შევიარეთ ქ. ნოვოროსიისკში, რომელიც მთლად გადამწვარი, გადაბუგული და მიწასთან გასწორებული აღმოჩნდა.

არც ერთი სახლი, არც ერთი კედელი ამ ვეება ქალაქისა აღარ იყო მთელი. თვით ქალაქის პარკის ხეები, რომელნიც კიდევ იდგნენ ზეზე, მთლიანად დანახშირებულნი იყვნენ.

მაგრამ ყველაზე მეტად, ჩვენ გაგვაკვირვა საზარელმა სიჩუმემ. ქალაქში მოსახლეობა არ იყო და იგი შემოგვყურებდა, როგორც დიდი სასაფლაო.

ხიდზე რომ გამოვდიოდით, უცბად გაისმა ჭექა. ჩვენს გვერდით, მდინარეში ფაშისტების მიერ ჩაწყობილი ნაღმი აფეთქდა! ნაღმი ორი თვის წინ ჩაწყობილი!

ერთი წვრილმანი: როცა ვბრუნდებოდით, ერთ სადგურზე, დავინახე ქართველი ჯარისკაცი საგუშაგოზე. დილა იყო. მიუახლოვდი.

– გამარჯვება! – შევძახე ქართულად.

წინაღამ თოფი არ გაუვარდა ხელიდან მოულოდნელი სიხარულით.

– გეგონება, ჩიტმა დამძახაო! რამდენი ხანია ქართული არ გამიგონიაო! – უეცარი სიხარულით ატაცებული შემომხაროდა ქართველი მებრძოლი.

დელეგაციამ მრავალი საომარი პუნქტი ინახულა ქ. ტემრიუკიდან დაწყობილი. ჩვენ ვნახეთ აგრეთვე მთა გირლიანაია, რომელიც ქართველებმა აიღეს სასტიკი ბრძოლის პირობებში. ამ გირლიანაიას მთის ახლო გვაჩვენეს ქართველთა საფლავები. თითეულ საფლავს ხის ჯვარი ესვა სახსოვრად. ერთს ხის ჯვარს ფანქრით დაწერილი წარწერა თითქმის სრულიად გადასულიყო ქარისა, მზისა და წვიმისაგან. ოდნავ-ღა სჩანდა მკრთალად სახელი „ლევანი“, გვარი კი მთლად წარხოცილიყო.

ამ სამარის ხილვამ დამაწერინა ლექსი „არ დაიდარდო, დედაო“, რომელიც ჩემს მკითხველებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

სიტყვა ჩემს მიერ წარმოთქმული ბრძოლის ველზე („ქართველ მეომრებს“) სახელგამმა დაბეჭდა ცალკე წიგნად და გაუგზავნა მებრძოლებს. თბილისში გასასყიდად არ გამოსულა.

 

* * *

ბავშვობიდანვე დიდი სიყვარული მაქვს სტამბისა და გამომცემლობისადმი. 1915 წლიდან განუწყვეტელი საქმე მაქვს სტამბებთან. როგორც მოგახსენეთ, 1916 წელს გამოვეცი საკუთარი ჟურნალი „საფირონი“, 1922 წელს მქონდა საკუთარი გაზეთი, იმავე დროს ვმუშაობდი ხან სტილისტად, ხან რედაქციის მდივნად, პასუხისმგებელ რედაქტორად, რედაქციის მდივნად.

ასე, 1923 წლიდან მე ვმუშაობდი ჟურნალ „დროშა“-ს რედაქციის გამგედ (ამ ჟურნალის დაარსების ინიციატორი მე ვიყავი თვით ჟურნალის სახელის ავტორიც). შემდეგ ვმუშაობდი ჟურნალ „გრდემლში“ ფაქტიურ რედაქტორად, შემდეგ ვიყავ პასუხისმგებელ რედაქტორის მოადგილედ ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტისა“.

ამ გამომცემლობისა და სარედაქციო მუშაობის დროს მრავალ სტამბის მოღვაწე და ლიტერატორი გავიცანი.

მაგონდება ღრმად მოხუცებული ასოთ-ამწყობი ზაქარია კოტეტიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 1860-იან წლებში გაზეთ „დროებაზე“ მუშაობდა და რომელიც იყო საყვარელი ასოთ-ამწყობი ალექსანდრე ყაზბეგისა. სხვათა შორის, მან ააწყო ცალკე წიგნად ყაზბეგის „მოძღვარი“ და როდესაც ცენზურამ შეუბრალებლად გაანადგურა „მოძღვარის“ მთელი ტირაჟი, ერთად-ერთი ეგზემპლარი ზაქარია კოტეტიშვილს გადაემალნა და შეენახა.

მაგონდება უძველესი, 1880-იან წლების კორექტორი და რეპორტიორი – ნიკო ჩიგიანაშვილი, თბილისელი სომეხი, რომელიც საინტერესო ამბებს გვიყვებოდა გიორგი წერეთლის, სერგეი მესხის და ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ. მაგონდება აგრეთვე სერგეი მესხის ცოლის ძმა, „დროების“ გამომცემელი – სოსიკო მელიქიშვილი (სტეფანეს ძმა). იგი ისევე, როგორც ნიკო ნიკოლაძე, კერძო საუბარში ილია ჭავჭავაძეს „ილიკოს“ ეძახდა, ყაზბეგს – „სანდროს“ და მათი მეგობრობით დიდად ამაყობდა.

1924 წელს, როდესაც პროფ. მიხ. ზანდუკელი შეეხო ალექსანდრე ყაზბეგის ავტორობის საკითხს, აღშფოთებული სოსიკო მელიქიშვილი შემოვარდა ჟურნალ „დროშას“ რედაქციაში და მოგვთხოვა, იმავე ნომერში სასწრაფოდ დაგვებეჭდა მისი წერილი ალ. ყაზბეგის ავტორობის დასაცავად.

იგი იყო ერთ-ერთი ცოცხალ მოწმეთაგანი იმისა, თუ ალ. ყაზბეგი როგორ სწერდა პირდაპირ, თეთრად, „ელგუჯას“, „მოძღვარს“ და სხვა რომანებს მისი თანადასწრებით გაზეთ „დროების“ რედაქციაში.

სოსიკო მელიქიშვილის წერილს გამოეხმაურნენ ძველი, გადარჩენილი ლიტერატორები (დათიკო მესხი, კეკე მესხი, ეკატერინე გაბაშვილი, სოსიკო მერკვილაძე და სხვები), რომელთაც თავგამოდებით დაიცვეს ალ. ყაზბეგის ავტორობა, როგორც მისმა ახლო მცნობებმა და მეგობრებმა.

მაგრამ ამ ძველ მოღვაწეთა შორის აღმოჩნდა ერთი, სახელდობრ, გიორგი ნათიძე, რომელიც სრულიად წინააღმდეგს ამტკიცებდა. მას არა თუ არ სჯეროდა ალექსანდრე ყაზბეგის ავტორობა, მას ალექსანდრე მიაჩნდა ქურდად, სისხლის სამართლის დამნაშავედ. მან დაწერა დიდი ნაშრომი, რომელშიც ამტკიცებდა დიმიტრი ყაზბეგის ავტორობას. ეს მისი ნაშრომი ამ ჟამად საქ. სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში ინახება.

ძველი სტამბის მოღვაწეებიდან გამოირჩეოდნენ პოეტი ქალი განდეგილი, რომელიც 16 წლიდან კორეკტორობდა თვით სიკვდილამდე. იგი ჩიოდა, რომ არასოდეს არ ჰქონია თავისუფალი დრო ლექსის წერისათვის. იგი იმავე დროს სათავადაზნაურო ბანკში მსახურობდა რომელიღაც წვრილმან მოხელედ.

მუდამ სტამბაში ნახავდით აგრეთვე პოეტს შიო მღვიმელს და ილია აგლაძეს, რომელნიც უმთავრესად კორეკტორობით და მთარგმნელობით (ილია აგლაძე) სცხოვრობდნენ.

ხსენებულმა ლიტერატორებმა ბევრი რამ იცოდნენ ჩვენი ახლო წარსულიდან, ახლო ურთიერთობაში იყვნენ ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ვაჟა-ფშაველასთან. ბევრს საინტერესო ამბებს გვიყვებოდნენ მათი პირადი ცხოვრებიდან, მაგრამ როცა დაჟინებით ვთხოვდით, მოგონებანი დაეწერათ, ისინი მტკიცე უარს გვეუბნეოდნენ. ეს უმთავრესად მათი მოკრძალების ამბავი იყო.

– აბა, როგორ უნდა დავწერო ისეთ დიდ ადამიანზე, როგორიც იყო ილია! – გაასავსავებდა ხელებს ილია აგლაძე.

სანანურია, რომ მრავალი რამ საყურადღებო ჩვენი მწერლობის წარსულისა, სამარეში ჩაიყოლეს.

 

* * *

რაკი სიტყვა ჩამოვარდა ჩვენი მწერლობის წარსულზე, ორიოდე სიტყვით უნდა შევეხო საქ. სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმის დაარსების საქმეს. 1931 წელს, მთაწმინდაზე გაიმართა ალექსანდრე გრიბოედოვის გამოფენა-მუზეუმი. როცა ეს პაწაწინა და ერთს ოთახში გამართული გამოფენა ვინახულე, გული მეტკინა, რომ ასეთივე გამოფენა არ არსებობდა არც ილია ჭავჭავაძისა, არც აკაკი წერეთლისა, არც ვაჟა-ფშაველასი ან სხვათა, რომელნიც მთაწმინდაზე არიან დაკრძალულები.

მეორე დღესვე მე შევიტანე განცხადება თბილისის საბჭოში, რომელშიც მე ვამტკიცებდი „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის“ მოწყობას. თბილისის საბჭომ ყურადღებით მიიღო ჩემი წინადადება და ამ საქმის ორგანიზაციაც მე მომანდო. შტატში ვიყავი მე და ერთი დარაჯი. ბინად მოგვცეს მთაწმინდაში ერთი ოთახი, შემდეგ ორი, მთაწმინდის ყოფილ მღვდლის სახლში. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის ზამთრის დღეებში სიარული მთაწმინდის აღმართზე, ხშირად ფეხი მიცურდებოდა და ბუჩქებს ვეჭიდებოდი, მაგრამ საქმემ გამიტაცა, ამაგზნო. დღე და ღამ დავდიოდი ოჯახებში და ვაგროვებდი ექსპონატებს. მრავალი საინტერესო საბუთები, ხელნაწერები თვით ილიასი, თვით აკაკისა, სრულიად შემთხვევით აღმომიჩენია უცნობ ოჯახებში ისე, რომ თვით პატრონებმაც კი არ იცოდნენ. ასე აღმოჩნდა მაგალითად, ილია ჭავჭავაძის დიდი „Докладная Записка“ – საბანკო საქმეები (რუსულად), „ბაბილონის ხელმწიფის დაუდ-ფაშის“ წერილი თავისს მშობლებთან. ბაღდადის ფაშა დაუდი, რომელიც მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში, რომ ტომით ქართველი იყო, უცნობი ამბავი იყო და მხოლოდ ამ წერილმა დაადასტურა პირველად (ხსენებულ დაუდ-ფაშასთან რუსეთის მთავრობის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ალ. გრიბოედოვი, როცა იგი სრულუფლებიან წარმომადგენლად იმყოფებოდა სპარსეთის კარზე).

ასევე დიდ შენაძენს წარმოადგენს „ქილილა და დამანა“-ს  ხელნაწერი. ცნობილია, რომ „ქილილა და დამანა“ საბა-სულხან ორბელიანმა და ვახტანგ მეექვსემ გადმოთარგმნეს. ისიც ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო წლებში „ქილილა და დამანა“ სთარგმნა კახთა მეფემ დავითმა (ქეთევან დედოფლის მეუღლემ) ჯერ კიდევ ბატონიშვილობაში. მან ეს არაკი მიიყვანა „კუს“ არაკამდის, როგორც ვახტანგის წინასიტყვაობა გვამცნებდა. მაგრამ თვით დავითის ნამუშევარი არსად სჩანდა. ჩვენგან ნაპოვნი „ქილილა და დამანას“ ხელნაწერი კი სწორედ დავითის თარგმანი გამოდგა. ცხადია, ფასდაუდებელია მნიშვნელობა ამ ხელნაწერისა. განსაკუთრებით საყურადღებოა დავითის წინსიტყვაობა, რომელიც ერთგვარს შუქსა ჰფენს მეთექვსმეტე საუკუნის კახეთის კულტურულ ცხოვრებას, კერძოდ კი მაშინდელ კახთა მწერლობას.

არა ერთი და ორი ძვირფასი ხელნაწერი და საბუთია დაბინავებული მუზეუმში, არა ერთი და ორი ძვირფასი ნივთია დაცული. არ დარჩენილა თითქმის არც ერთი მწერალი მეცხრამეტე საუკუნისა, რომ მისი არქივი ან ხელნაწერები, ან მიმოწერა არ მოეპოვებოდეს მუზეუმს.

განსაკუთრებით მდიდარია მუზეუმის იკონოგრაფიული ფონდი. საერთოდ, მუზეუმის ქონება ოცდაათ ათასამდე ექსპონატს აღწევს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მუზეუმი უბინაოდ იყო ოთხი წელიწადი, თუ გამოვაკლებთ სამამულო ომის დღეთა სიძნელეებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმმა დიდი საქმე გააკეთა, იგი უკვე ერთგვარ კერად იქცა. მისი მომავალი უზრუნველყოფილია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, თვით არც უკრაინას ჯერ სალიტერატურო მუზეუმი არა აქვთ.

 

* * *

თუმცა ლექსების წერა ადრე დავიწყე, მაგრამ პირველი ჩემი ლექსების წიგნი 1938 წელს გამოვიდა. მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, არ ვიყავ კმაყოფილი ჩემი ლექსებით და არც წიგნად გამოცემას ვაპირებდი, რომ გამომცემლობა „ფედერაციას“ და ამხანაგებს თითქმის ძალა არ დაეტანებინათ. პირველ წიგნს მოჰყვა ჩემი ცნობილი პოემა „სტალინი. ბავშვობა და ყრმობა“, წიგნი პირველი, რის გამოც 1941 წელს მე მივიღე სტალინის სახელობის პრემია.

1939 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული „სტალინი“, 1942 წელს – ლექსთა დიდი კრებული. 1943 წელს დაიბეჭდა ლექსები სამამულო ომზე „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“, 1944 წ. _ მცირე ლექსთა კრებული. 1946 წელს დაიბეჭდა ლექსთა კრებული „ქართლის ბაღი“. 1947 წელს გამოვიდა (გამოდის ამ დღეებში) ჩემი ერთტომეული, რომელშიც მოქცეულია ლექსები და პოემები. 1926-1947 წლებში დაწერილი ჩემი ლექსები თარგმნილია რუსულად (მთარგმნელები: ნ. ტიხონოვი, ბ. პასტერნაკი, პ. ანტოკოლსკი, ვლ. დერჟავინი, სერგეი სპასსკი, ნიკ. ზაბოლოცკი, არ. კოპშტეინი, ალ. გატოვი, ვერა ზვიაგინცევა და სხ.). პირველი წიგნი ჩემი ლექსებისა რუსულ ენაზე დაიბეჭდა 1938 წელს, მოსკოვს, გამომცემლობაში „Гослитиздат“-ში.

ჩემი ლექსები აგრეთვე თარგმნილია: უკრაინულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ოსურად, ბელორუსულად, ჩეხოსლოვაკურად და სხ.

ხოლო პოემა „სტალინი“ რუსულად ითარგმნა ორჯერ: პირველად სთარგმნა ნიკ. ტიხონოვმა და შემდეგ გიორგი ცაგარელმა (ოთხი გამოცემა: პირველად გამოსცა „ზარია ვოსტოკამ“ ორივე. შემდეგ, წრეულს, 1947 წელს, გამოსცა მოსკოვის „Гослитиздат“-მა (ძვირფასი, აკადემიური გამოცემა) დღე-დღეზე გამოდის ცაგარლის თარგმანი იმავე გამომცემლობაში). ჩემი პოემა აგრეთვე ითარგმნა ბელორუსულად, უკრაინულად.

ითარგმნება: აზერბაიჯანულად, თურქმენულად, უზბეკურად…

ამ ჟამად ვწერ „სტალინი“-ს მეორე წიგნს – „ბელადის სიჭაბუკე“-ს.

ამას გარდა, მე ვარ ავტორთაგანი ცნობილი „მიმართვებისა“ ამხანაგ სტალინისადმი და ავტორი თბილისის საქალაქო საბჭოს რუსთაველის საიუბილეო საზეიმო პლენუმის მიმართვისა ამხანაგ სტალინისადმი (1937 წელს).

1936 წელს, „ბედმა“ მაღირსა ვყოფილიყავ საქართველოს რესპუბლიკის დელეგატი საბჭოების სრულიად საკავშირო მე-8-ე ყრილობაზე, სადაც 1936 წლის 27 ნოემბრის საღამოს სხდომაზე გამოველი ვრცელი გალექსილი სიტყვით საქართველოს ხალხის სახელით. ჩემს სიცოცხლეში არასდროს არ დამავიწყდება ეს ბედნიერი დღე. ლექსი ჯერ წარმოვსთქვი ქართულად, შემდეგ რუსულად.

სამწერლო მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული ვარ: ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“, „შრომითი მამაცობისთვის“.

 

* * *

როგორც ზემოდ მოგახსენეთ, მშობლიურმა მწერლობამ და ისტორიამ ბავშვობიდანვე გამიტაცა. 1912 წლიდან მე პრესაში ვათავსებდი ისტორიულ-არქეოლოგიურ წერილებს კომპილიაციური ხასიათისას. შემდეგ უკვე სერიოზული მუშაობა დავიწყე.

1920 წელს მე დავბეჭდე ცალკე წიგნად „ჭაშნიკი“ – მამუკა ბარათაშვილის პოეტიკა. 1924-1928 წლ. ჟურნალ „მნათობში“ მე ვბეჭდავდი მონოგრაფიას „ივანე მაჩაბელი“. 1928 წელს, გამოვაქვეყნე ჩემი კაპიტალური ნაშრომი „სულხან-საბა ორბელიანი და „სიბრძნე-სიცრუისა“. 1931 წელს დავბეჭდე „მგოსანი საათნავა“ ახალი ქართული წყაროების მიხედვით.

ჯერ კიდევ 1929 წელს მე გავემგზავრე ლენინგრადს და იქ მთელი თვის განმავლობაში ვმუშაობდი „შაჰნავაზიანის“ უნიკალურ ხელნაწერზე.

ლენინგრადში გადმოვწერე ტექსტი, გადავიღე ფოტოპირი, ვიმუშავე რამდენიმე წელი და ვრცელი გამოკვლევით და კრიტიკული აპარატით გამოვეცი 1934 წელს.

1938 წელს ვრცელი გამოკვლევით და ლექსიკონით გამოვეცი მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიული პოემა იოსებ თბილელისა „დიდ-მოურავიანი“. ჩემი წინასიტყვაობით და თანამშრომლობით და რედაქციით „დიდ-მოურავიანი“ გამოვიდა რუსულ ენაზედაც.

მაქვს გამოუქვეყნებელი ვრცელი  ნაშრომი „ვოლტერიანობა საქართველოში“. გამოქვეყნებული მაქვს: „ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული მასალები“, „პუშკინი საქართველოში“, „პუშკინის ქართველი ნაცნობები“.

პუშკინის „Путешествие в Ерзерум“-ში მოხსენებულ უცნობ ქართულ ლექსის შესახებ. მე პირველმა დავადგინე, რომ იგი არის „ახალ აღნაგო სულო და“ და ეკუთვნის ცნობილ მგოსანს დიმიტრი თუმანიშვილს. მაქვს ნაწილობრივად გამოქვეყნებული (უმთავრესი ნაწილი ჯერ დაუბეჭდავია) „ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიული მასალები“. გამოვაქვეყნე: მამია გურიელზე, ალექსანდრე ყაზბეგზე ახალი მასალები. დავბეჭდე: „იოანე ბატონიშვილი“, „ქართველი მხატვრები“, „ვახტანგ მეექვსე“, „დავით გურამიშვილი“, „სიტყვა ნიზამის იუბილეზე“ და მრავალი სხვა, რაც გაბნეულია ჩვენს პერიოდულს გამოცემებში.

და ბოლოს, ჩემი კაპიტალური ნაშრომი „ბესიკი და მისი დრო“ (დაიბეჭდა ნაწილი), სადაც პირველად, ახალი მასალების საფუძველზე განხილულია დიდი ქართველი პოეტის ცხოვრება და მოღვაწეობა.

1946 წელს, თებერვალში ჩემი ლიტერატურული და სამეცნიერო შრომისათვის მე არჩეულ ვიქმენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

 

* * *

დასასრულ, ჩემი მოღვაწეობის ერთი დარგიც: ჩემი უახლოესი მონაწილეობით (საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) ჩატარდა იუბილეები: ილია ჭავჭავაძისა, აკაკი წერეთლისა, ალ. პუშკინისა, ალ. გრიბოედოვისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა.

ასევე ჩემს მიერ ჩატარებულია ყველა საიუბილეო რესპუბლიკური გამოფენები 1937 წლიდან ვიდრე დღევანდლამდე.

1939 წლიდან ვრედაქტორობ ლიტერატურული მუზეუმის ორგანოს „ლიტერატურული მატიანე“-ს.

ამაზე ადრე, 1935 წ. ვიყავ პასუხისმგებელი მდივანი საკვლეო დიდი ჟურნალის „ლიტერატურული მემკვიდრეობისა!“.

1931-1932 წწ. მე ვხელმძღვანელობდი სტალინის სახელობის ორთქლმავალთა სარემონტო ქარხანაში არსებულ მუშათა სალიტერატურო წრეს. ამ წრის ნაყოფიერი მუშაობა არა ერთხელ აღნიშნულია თვით მუშების მიერ საქარხნო პრესაში.

1931-1933 წლებში მე პირველმა შევკრიფე ცნობები სახალხო მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ. დავწერე მისი ბიოგრაფია და შევკრიბე თბილისსა და რაიონებში ფიროსმანიშვილის 20-მდე სურათი და გადავეცი მეტეხის მუზეუმს.

ჩემს მიერ დაწერილია ცნობილი ბალეტის „მთების გული“-ს ლიბრეტო. ეს ბალეტი დიდი წარმატებით სარგებლობს დღესაც. იგი დაიდგა ლენინგრადში, თბილისში, ტაშკენტში, კიევში და სხ.

დავწერე სცენარი „გიორგი სააკაძე“, „ნ. ბარათაშვილი“, მევე მეკუთვნის დადგმული კინო-სურათებიდან: „ჯურღაის ფარი“, „მზიური საქართველო“.

ჩემი განცხადებით და თაოსნობით აღმოჩენილია რუსეთში, ვორონცოვის არქივში მეჩვიდმეტე საუკუნის „ვეფხის-ტყაოსნის“ ხელნაწერი („ზაზასეული“ ვარიანტი).

 

* * *

1940 წელს არჩეულ ვიქმენ თბილისის საბჭოს დეპუტატად.

აქვე უნდა დავსძინო, რომ მე ხანგრძლივად ვმუშაობდი თბილისის ქუჩების სახელების გადარქმევაში. კომისიაში, რომელიც ქუჩების „გადანათვლაზე“ მუშაობდა, მე 300-მდე ქუჩის სახელი გავიყვანე.

ვითვლები საქ. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად და საკავშირო მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად.

1945 წლიდან ვითვლები საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) წევრად.

გიორგი ლეონიძე