„ცისფერი ყანწები“ პირველი მემარცხენე სკოლა იყო და არის ქართულ მწერლობაში.
რვა წელიწადია ეს სკოლა აწარმოებს თავის სასტიკ ბრძოლას ახალი გზების დაპყრობისათვის.
ჩვენ დღესაც ვერავის დაუთმობთ პოეზიის პოზიციებს, რადგან მწერლობაში ყველაზე კარგათ ვგრძნობთ ცხოვრების შეცვლას, ქვეყნიერების ახალს რიტმს და რევოლიუციას.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო ქართული კულტურის განმტკიცება და მისი გამოყვანა ეთნოგრაფიული საზღვრებიდან მსოფლიო კულტურის და შემოქმედების ასპარეზზე. ქართული ხელოვნების ძველი მრევლი დღესაც განაგრძობს დამშვიდებულ ცხოვრებას, თითქოს ქვეყანაზე არაფერი შეცვლილა.
ჩვენ კიდევ ერთხელ უცხადებთ ბრძოლას ყოველივე მოძველებულს, დაობებულს, ჩამორჩენილს.
ვდგევართ რა რეალურ ნიადაგზე, ჩვენ მემარცხენე სკოლის ენერგიით ვაგრძელებთ ჩვენ მიმართულებას ქართულს ლიტერატურაში და აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ კულტურის განვითარებისათვის საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც თავგამეტებით ეპატრონება ხელოვნების ყველა დარგებს. ჩვენ გვწამს, რომ ამ მიზნის განხორციელებისათვის ჩვენთან ერთად იქნებიან ქართული ხელოვნების ყველა ახალი ძალები.
„ცისფერი ყანწები“
გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, ივანე ყიფიანი
„ცისფერი ყანწების“ განცხადებას სავსებით ვიზიარებ.
სანდრო შანშიაშვილი