1942 წელს ყანწელებიდან მხოლოდ ათი კაცი იყო ცოცხალი, დანარჩენები დაიხოცნენ და მათ შესახებ იხილეთ მონოგრაფია ახალგაზრდა ესპანელ კრიტიკოსის ხოზე-სიერო ნევადის, რომელიც დაიღუპა 1939 წელს უდიდეს ატლანტიურ გემის „პლანეტის“ კატას-ტროფის დროს. ხოზე-სიერო ნევადა ჩამოვიდა საქართველოში 1937 წელს, როდესაც თბილისში ყანწელებმა გამართეს პირველი კონგრესი პოეტების. ახალგაზრდა ესპანელი კრიტიკოსი მაშინ დაესწრო კონგრესს სათათბირო ხმით და რადგან მას შთამომავლობა ჰქონდა ქართული (მისი დედა ამილახვარის ქალი იყო, შემთხვევით მოხვედრილი სულთან მაჰომედ ხ ჰარამხანაში, საიდანაც იგი გაიტაცა ხოზე-სიერო ნევადის მამამ, რომელმაც გამოიგონა საშუალება ადამიანის სიბრმავისაგან მორჩენისა), გადასწყვიტა საქართველოში დარჩენა და განსაკუთრებით მისი პოეზიის შესწავლა. ქართული მან კარგათ იცოდა და ქართველ საზოგადოებას ახსოვს მისი ცნობილი მონოგრაფია ვაჟა-ფშაველას შესახებ, რომელიც დაიბეჭდა ამ რამოდენიმე წლის წინათ ფრანგულ ჟურნალში „Mercure de France“-ში.
ეს პირველი
ათი ყანწელის გვარი იცის საქართველომ: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ალი არსენიშვილი, ნიკოლოზ მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე და პაოლო იაშვილი.
ეხლა როდესაც შენელდა ყანწელების ომი, მე როგორც ერთმა მეომარმა, მინდა მოვიგონო შარშანდელი წელი ჩვენი ორდენისა.
მე სრულებით არ მსურს დავსწერო მიმოხილვა ქართულ ლიტერატურის წარსულ წელში, მსურს მხოლოდ გამოვაჩინო პირველ დღიდან ჩვენი ორდენის დაარსებისა, ჩვენი ინტიმური ცხოვრება. აქამდის ბევრი ჩვენს გარეშე მყოფი ცდილობდა ჩვენი ცხოვრების შესახებ ყალბი ცნობები მიეწოდებია საქართველოს ერისთვის, რომელსაც ღირსეულად მეთაურობს პრეზიდენტი გიორგი ლაშარელი, პიროვნება რომელსაც აქვს უახლოესი კავშირი ყანწელების ორდენთან.
მეორე
1942 წლის ახალ წელიწადს ჩვენ ვხვდებოდით ქართველ პოეტების კვარტალში, რომელიც გავაშენეთ ისე, როგორც შორეულ წარსულში ქართველმა კეთილშობილმა მუშებმა გააშენეს „ნაძალადევი“. ეს „კვარტალი“ მდებარეობს (ვსწერ მომავლის ეტნოგრაფისთვის) მტკვრის მარჯვენა მხარეს და დაშორებულია ნახევარი ვერსით მცხეთის სადგურს. 1942 წელს ჩვენ ვხვდებოდით პოეტების კვარტალში, კაფეში რომელსაც სახელწოდება ჰქონდა „ცისფერი ყანწები“. ჩვენი სუფრა იყო სავსე ყვავილებით, ლექსებით და ყურძნით. იმ წელში გამოიგონეს ფრანგ მევენახეებმა საშუალება ყურძნის მტევნისგან დათრობისა, და ყველა კაფეს სტუმრებს უკვირდათ, რომ ჩვენ ყურძნის მარცვლიდან ვთვრებოდით ისევე, როგორც სტუმრები ღვინით სავსე ყანწებიდან (სხვათა შორის იმ წელს პირველათ გამოჩნდა ცისფერი ღვინო, მანამდის კი მხოლოდ თეთრი და წითელი ღვინო არსებობდა).
მესამე
ჩვენს სუფრაზე ვისხედით ათივე ყანწელი და ათი ყანწელის უმცროსი შვილები, ცოლები და უფროსი შვილები მარხულობდენ იმ ღამეს, ლოცულობდენ ცოდვილ ყანწელების სულის შესანდობარად (ეს იყო, საქართველოს ახსოვს, ჩვენი ტრადიცია).
როდესაც სტუმრები გამოითხოვდენ „ყანწელებს“ ლექსის სათქმელად, ჩვენ ნაცვლად ლექსებს ამბობდენ ჩვენი შვილები. მე მახსოვს იმ ღამეს ყველაზე კოხტად, და გაგიჟებით მამის ლექსი სთქვა ვალერიან გაფრინდაშვილის უმცროსმა ვაჟმა ვალერიან მეორემ. ამის შემდეგ ჩვენი შვილები ამბობდენ: მამები დაიღალენ, მათ ლექსები მოეწყინათ. წავიდეთ „გიპერბოლის“ ოთახში დავიჩოქოთ და ვილოცოთ ჩვენი უფროსი დის ალკა რობაქიძის სულის მოსახსენებლად.
ჩვენ დავრჩით მარტო. ჩვენი შვილები ალკას სულისთვის ლოცულობდენ. და როდესაც მათ მუხლ მოდრეკილი ლოცვა გაათავეს, მოვიდა ყანწელების უფროსი ქალი ტანიტ ტაბიძე და სთქვა: ყანწელების ოჯახური ლოცვა გათავდა: ბავშებო! თქვენი დედებისგან დავალებული მაქვს, რომ სახლებში დაბრუნდეთ. ჩვენ მადლობა უთხარით ლამაზ თვალება ტანიტს, და ბავშები დედებთან გავისტუმრეთ (მეორე დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი ბავშები უშიშრად სახლში დაბრუნებულიყვენ).
მეოთხე
რადიო-ტელეფონით ვაცნობეთ ოჯახებს: ჩვენ სახლში არ დავბრუნდებით.
მეხუთე
ღამე გავატარეთ აბასთუმნიდან მომავალ ტივებზე: ტივები იყვენ უკანასკნელი ნაშთნი ძველ, ბარბაროსულ საქართველოსი, რომელსაც კიდევ სწამდა ილიას და აკაკის პოეზია.
მეტივეები იყვენ უკანასკნელი ჩოხოსნები და ამბობდენ: სამწუხაროა, რომ საქართველოში სონეტი აღარ არსებობსო.
მეექვსე
ორ იანვარს ცნობა გვეწვია დაღალულებს: ავად არის გრიგოლ რობაქიძე:
თბილისის გეროლდები ავტომობილზე აცხადებდენ: ავად არის გრიგოლ რობაქიძე.
რობაქიძის ბინის კარებთან იდგა ვაჟი რობაქიძე, უფროსი შვილი პოეტის და მთვარეულად უძახოდა უზღვაოდ მოგროვილ ხალხს:
ოთახი, რომელშიდაც სწევს მამა ჩემი, პატარაა, დაიტევს მხოლოდ ათ მის ამხანაგს და რესპუბლიკის პრეზიდენტს. ექიმებმა სთქვეს, რომ მდგომარეობა საშიში არ არისო. დამშვიდდით, მოქალაქენო.
როდესაც ჩვენ გამოვჩნდით ხალხმა დაიძახა:
გზა პოეტების ორდენს
გზა რჩეულებს
გაუმარჯოს ორდენს.
ჩვენ დავაფასეთ აღტაცება მოქალაქეთა რობაქიძის დარბაზობის შემდეგ.
პაოლო იაშვილმა ავადმყოფ პოეტის სახელით ხალხს განუცხადა:
მოქალაქენო, დაიშალეთ! ქართული პოეზია ჯერ კიდევ ცოცხალია. ილოცეთ პოეზიისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ერთი კვირის სიჩუმე პოეტის გადარჩენისთვის. ქართულ პოეზიისთვის ყველაფერი კარგათ დასრულდა.
მეშვიდე
2 აპრილს იუბილე ტიციან ტაბიძის. საფრანგეთის პოეტებმა, ამ დღისათვის ჩამოსულებმა მიართვეს პოეტს თასი: სავსე ნაღველით და მორიელის მანეკენი:
იუბილარმა სთქვა საპასუხოთ: მადლობელი ვარ გაგებისთვის – და შეისვა მხარზე ცოცხალი მორიელი.
ხალხი დაიშალა და ამბობდა: ტაბიძე მიუხედავად ჭაღარისა, მაინც საოცარია.
პოეტის პატივსაცემათ გამართულ ბანკეტზე ნინო მაყაშვილმა სთქვა თავის სიტყვაში:
თქვენისა და ჩემი პოეტის სიცოცხლე ბრწყინავს ისე როგორც გედი ძველ მალარმის. მოხარული ვარ, რომ მე ტიციან ტაბიძესთან ვიყავი თქვენთან ერთად.
ბანკეტი ამით დასრულდა.
მერვე
ვალერიან გაფრინდაშვილმა წარსულ წელს მცხეთის სასაფლაოზე ააშენა წნელის კარავი, როგორც მოგონება ძველი პატრიოტული რომანტიზმისა. ის აქ ხშირად იძინებდა და მისი ჭაღარა თმები ბრწყინავდენ როგორც წაქცეულ თაფლის სანთლები. ჩვენ ვეწვიეთ მას ერთ ღამეს. ეს იყო 28 აპრილი.
მან სთქვა ჩუმად: ამ კარავში მიტომ ვარ რომ ვერიდები თანამედროვეს და შეგნებულ სიგიჟეს. როდესაც გათენდა, ჩვენ გავიგეთ, რომ კარავში დადგმულ ტახტის ქვეშ უკვე გათხრილი იყო საფლავი პოეტის გასვენებისთვის.
ჩვენ ვერ აუკრძალეთ პოეტს სიკვდილისთვის მომზადება. მით უმეტეს როდესაც დავინახეთ, რომ საფლავის იატაკი და კედლები მოფენილიყვენ გაფრინდაშვილის წიგნებით და ლექსებით. ჩვენ გვიხაროდა, რომ გაფრინდაშვილს სურდა საკუთარ პოეზიასთან მოსვენება. ჩვენ გამოვეთხოვეთ და ხელზე ვაკოცეთ როგორც უსპეტაკესს.
გაფრინდაშვილის კარავი მომავალ პოეტებისთვის იქნება როგორც სიონი ქართველ ქრისტიანებისთვის.
მეცხრე
7 მაისს ყველა თბილისის მებაღეებმა უარი სთქვეს ყვავილების გაყიდვაზე. ყვავილები შეისყიდა პოეტების ორდენის ხაზინადარმა – გრიგოლ რობაქიძემ, რადგან იმ დღეს გარდაიცვალა კოლაუ ნადირაძის უფროსი ქალი და ყველა მაისის ყვავილები თბილისში ამ საფლავისთვის დაბანდდა. კოლაუ ნადირაძე სტიროდა და ცხენების ნაცვლად თვითონ იყო გაბმული ბალდახინში. ჩვენ ვსთქვით სიტყვები და მამა-პოეტი დაჩოქებული მოისმენდა.
მან სთქვა: ლექსების გარდა მე მყვანდა ორი ობოლი ბავშვი: ერთი მოკვდა და მეორეს თქვენ მოუარეთ:
ამის შემდეგ პოეტმა მოიწყინა და კვებავდა თავის შემოსავლიდან ქუჩის ძაღლებს, ისევე როგორც ერთ დროს პარიზის ინვალიდები მტრედებსა და ბეღურებს კვებავდენ ლიუქსემბურგის და ტიულერის ბაღებში.
მეათე
სანდრო ცირეკიძეს წარსულ წელში ჭლექი აღარ აწუხებდა, მაგრამ დარდობდა თავის ჭლექიან ლექსებზე.
მან მიიღო ნობელის პრემია ზავის და მშვიდობის ქადაგებისთვის. პრემიის დიდი თანხა მან დაურიგა ქუთაისის მათხოვრებს და ეხლაც განაგრძობს ყანწელების სტამბის უფროსობას და დაუღალავად სცემს ჩვენს წიგნებს. ასოთამწყობებმა ქრისტეს და შარლ ბოდლერის ნაცვლად მისი სურათი დაკიდეს სტამბის კუთხეში. ცირეკიძეს ჩვენ გაზაფხულზე ვკოცნით, რადგან ის ყოველ ყვავილზე ნაზია, და ბოტანიკაც მოიგებდა, რომ ერთ ხორციელ ყვავილად სანდრო ცირეკიძე ყოფილიყო ბუნებაში გაჩენილი.
მეთერთმეტე
შარშან ალი არსენიშვილმა მიიღო აკადემიკოსობა საფრანგეთის და რუსულ პოეზიის გამოკვლევისთვის. მისი დისერტაცია პოეტების ორდენის შესახებ წარდგენილია საპატიო ლეგიონის მისაღებად. ალი არსენიშვილმა მიიღო კათოლიკობა და საქართველოში ის მხოლოდ სტუმრად ჩამოდის. ის სცხოვრობს პირინეებში, უხუცეს ფრანცის ჟამესთან და უკანასკნელის შვილებს ასწავლის ქართველ პოეტების ორდენის ისტორიას. წარსული წელი არსენიშვილმა საქართველოში გაატარა და ამით აიხსნება ჩვენი ორდენის უთვალავი დღესასწაულები.
მეთორმეტე
ნიკოლოზ მიწიშვილი მიტომ გვიყვარს წელს განსაკუთრებულად, რომ ის მხოლოდ შარშან დაბრუნდა საქართველოში, და მოიარა მთელი ქვეყნიერება შეიძლება ითქვას მთელი პლანეტა, როგორც პროპაგანდისტმა ჩვენი ორდენისამ. მისი მოხსენებები პარიზში, ლონდონში, პეტერბურგში, ნიუ-იორკში, რომში, პეკინში, ტოკიოში და სხვა უდიდეს ქალაქებში, დღესაც ხმარობენ როგორც საოცრებას მსოფლიოს ახალ ესთეთიკისა.
მიწიშვილი დაბრუნდა ხუთი წლის წვერებით და პირველ შეხვედრის დროს მოგვეჩვენა უკეთილშობილესი პროფილი იმერეთის გლეხების და ყველა დიდს მსოფლიოს პოეტების, რომელნიც წვერებს ატარებდენ. დღეს როდესაც ჩვენ იჭვი გვეპარება ჩვენს მომავალ შემოქმედებაში, ის გვამხნევებს და გვეუბნება: ნუ შეშინდით. მთელი ევროპა და მსოფლიო ჩვენთან არის და მათი თავდები არის ჩემი პატიოსანი სიტყვაო. ამ მოკლე ხანში ნიკოლოზ მიწიშვილი პეკინში მიემგზავრება, რადგან იქ საცოლოდ დაუნიშნავს ჩინეთის პრეზიდენტის ქალი.
მეცამეტე
წარსულ წელს ცისფერ ყანწელების ორდენთან დაკავშირებული არის უდიდესი პოლიტიკური აქტი საქართველოსი.
პოეტმა გიორგი ლეონიძემ კახეთის თავადების დახმარებით მოინდომა საქართველოში გადატრიალების მოხდენა და თავის თავის სრულიად საქართველოს მეფედ გამოცხადება. ის თეთრ ცხენზე თითქმის მოუახლოვდა თბილისს. მას წინ უძღოდა ორი დროშა: ლაშარის გიორგის და ვაჟა-ფშაველასი. ყანწელების სასახლეს მოაწყდენ თბილისის ქარხნის მუშები და მოითხოვდენ: პოეტებო გადაარჩინეთ საქართველო უბედურებას. დაარწმუნეთ თქვენი ძმა, რომ მისი პოეტის სახელი სრულებით არ უნდა ეძებდეს უფრო მეტ ამაღლებას.
ლეონიძესთან ჩვენ წავედით სათათბიროთ. იგი დათანხმდა და როდესაც ჩვენ მასთან ერთად ეტლებით შემოვედით თბილისში ხალხი იძახოდა: გაუმარჯოს პოეზიას და სიძველით დამწვარ პოეტს.
ლეონიძე ახლაც ოცნებობს წარსულზე, მაგრამ ჩვენ მას შევიქცევთ და დავავიწყებიებთ თეიმურაზის გვირგვინს.
მეთოთხმეტე
შალვა აფხაიძე თბილისში ძვირად ჩამოდის. ფეხით ივლის საქართველოს, ეძებს ძველ ეკლესიებში ქართველ მადონებს, და კედლებზე სტოვებს წმინდა სონეტებს. ჯერ მისი წიგნი არ გამოსულა. ქართული პოეზიის მოყვარულნი მის ლექსებს ნახულობენ ნახევრად დანგრეულ ეკლესიების კედლებზე. წარსული წელი მან თბილიში გაატარა და სამჯერ მოგვიწვია სიონის გალავანში სადილზე. აფხაიძე დიდი მეგობარია სრულიად საქართველოს კათალიკოზის. უკანასკნელი, აფხაიძის გავლენით, სიონში ლოცვის დროს ახსენებს ჩვენს სახელებს და ხალხს ალოცებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ძვირფასები
არ დაგვტოვა ცეცხლიანმა არჩილ მიქაძემ. თბილისის ოსტატებმა დურგლებმა და ზეინკლებმა შავ ნაბადას მთაზე აუშენეს მას უდიდესი ბიბლიოთეკა, იქ იყო მხოლოდ ორი განყოფილება წიგნების: პოეზია და რევოლიუცია. მთელს საქართველოში მხოლოდ არჩილ მიქაძეს ჰქონდა პირველი ნომერი „ყანწების“ რვეულისა. ბიბლიოთეკის ზემო სართულში აღტაცებულმა რევოლიუციონერმა გამართა ლადო გუდიაშვილის სამხატვრო ქარხანა. გუდიაშვილმა დაასრულა ბახტრიონის ტაძარი. ათი წელიწადი მხატვარმა ამ ტაძარს შესწირა. უკანასკნელი წლები განუწყვეტლად ლოთობს. მის სურათებში უძვირფასესია საიდუმლო სერობა პოეტების. ქრისტე-რემბო, იუდა-ლიტერატურა.
პაოლო იაშვილი