პირადი ბარათი და ავტობიოგრაფია – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : 1946 წლის შემდეგ

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 22753-8-ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

პირადი ბარათი და ავტობიოგრაფია

დავიბადე 1897 წელს, 28 ივლისს (ძველი სტილით), ქუთაისში. მამაჩემი იყო ქვისმჭრელი. პეტრიაშვილის სახელობის სამკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, უსახსრობის გამო, 12-13 წლის შევედი სტამბაში შეგირდათ. იმავე დროს სწავლა განვაგრძე საღამოს სკოლაში, თანაც გამუდმებით ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნებს.
ლექსების წერა დავიწყე სულ ბავშვმა.
პირველად ჩემი მოზრდილი ლექსი დაიბეჭდა 1913 წელს. ეს იყო უფრო პოემა, დაწერილი ციხიდან გაქცეულ ყაჩაღ ბიბილაშვილზე. იგი ცალკე წიგნადაც გამოსცა შახბარათოვმა, რომელიც იაფფასიან პატარა წიგნებს ბეჭდავდა ბ. კურცხალიას სტამბაში, სადაც მე ვმუშაობდი.
შემდეგ რამდენიმე ლექსი დავბეჭდე გაზ. „კოლხიდაში“.
1916 წელს ზესტაფონში გამოვეცი ლექსების წიგნი „მთვარის ზღაპარი“.
1917 წელს იქვე გამოვეცი „თეთრი წიგნი“.
1919 წელს ქუთაისში გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული „დაბინდული ქარვები“. ამავე წელს ბოლშევიკ მუშების ინიციატივით არჩეული ვიქენი ქუთაისის ბეჭდვითი სიტყვის მუშაკთა კავშირის თავმ-რედ.
7-საათიან სამუშაო დღის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნილების გასატარებლად გაფიცვის მოწყობისათვის, 1920 წლის დასაწყისში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამიკრძალა ქუთაისში ცხოვრება და გადმოვსახლდი თბილისში.
თბილისში სწავლა დავიწყე პროფ. ნუცუბიძის ხელმძღვანელობით არსებულ საღამოს კურსებზე.
1921 წლიდან, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, პოეტ გ. ქუჩიშვილთან ერთად, დავიწყე კორექტორად მუშაობა გაზ. „კომუნისტში“.
ორი წლის შემდეგ რეპორტიორად ვმუშაობდი. ხოლო 1924 წლიდან ამავე გაზეთის ღამის რედაქტორად ვიქენი დანიშნული. ამავე დროს, 1922 წლიდან 1925 წლამდე, ვიყავი „კომუნისტი“-ს ოფიციალური რეცენზენტი. რეცენზიებს ვწერდი უმთავრესად რუსთაველის სახელობის თეატრის წარმოდგენებზე.
1924 წ. გამოვიდა თბილისში ჩემი ლექსების წიგნი „ღამეები“.
1925 წელს ლექსების კრებული.
1927 წელს „მარულა“ (ლექსების წიგნი).
იმავე დროს ვწერდი ნარკვევებს გაზ. „კომუნისტში“.
შემდეგ ეს ნარკვევები გამოვიდა ცალკე წიგნად, „გადამწყვეტი წელი“-ს სახელწოდებით.
1927-28 წლებში არჩეული ვიქენი მწერალთა კავშირის ერთ-ერთ მდივნად.
1929 წელს დავწერე რომანი „თეო“.
1930 წელს, ერთი წლის განმავლობაში, ვრედაქტორობდი ჟურნალ „დროშას“.
1931 წელს გამოვიდა ჩემი მეორე რომანი „ჭიაკოკონა“.
1931 წლიდან ვმუშაობდი მწერალთა კავშირის გაზ. „ლიტერატურულ გაზეთის“ კოლეგიის წევრად და პ/მგ. მდივნად.
1935 წელს დავინიშნე მწერალთა კავშირის გამომცემლობის `საბჭოთა მწერალის~ (ყოფ. „ფედერაციის“) დირექტორის მოადგილედ, 1937 წლიდან – დირექტორად. ამ თანამდებობაზე ვმუშაობ დღემდე.
1935 წელს გამოვაქვეყნე მესამე რომანი „ლაშაური საღამოები“.
1936 წელს გამოვიდა ჩემი „ბელორუსული ნოველები“.
1939 წელს დავბეჭდე ლექსების წიგნი.
სამამულო ომის პირველ წლებში გამოვიდა ჩემი ლექსების ორი წიგნი: „თავდადებულნი“ და პოემა „ლელა“ (სამამულო ომის თემაზე).
1942 წელს ს. აბაშელთან და ხ. ვარდოშვილთან ერთად ვთარგმნე „სიმღერა როლანზე“.
1943 წელს გამოვეცი ინდური ეპოსი „რამაიანა“, რომელსაც ვთარგმნიდი თითქმის 7 წლის განმავლობაში.
ამავე წელს სიმონ ჩიქოვანთან ერთად ვიყავი ფრონტზე ყუბანში, რის შედეგადაც დავწერე წიგნი: „მართალი ნოველები“.
1945 წელს გამოვეცი სამამულო ომის თემაზე დაწერილი ლექსების წიგნი.
1946 წელს გამოვიდა ჩემი პროზაული ნაწერების ერთტომეული სახელწოდებით „პროზა“.
1916 წლიდან 1922 წლამდე ვეკუთვნოდი ქართველ სიმბოლისტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდებოდა „ცისფერი ყანწები“.
1940 წელს მიღებული ვიქენი სკკპ წევრობის კანდიდატად.
1941 წლის თებერვლიდან ვარ კპსს წევრი.
1922 წლიდან დღემდე ვირიცხები საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის წევრად.
1939-1945 წლებში ვიყავი ამავე კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი.

 

Facebook
Twitter