***
დავიბადე 1890 წელს ქუთაისში, მასწავლებლის შვილი. დავამთავრე ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტი – იურიდიული ფაკულტეტი. პირველად დავიბეჭდე ტფილისის გაზეთში „Закавказская Речь“. ვბეჭდავდი თარგმანებს ნიკოლოზ ბარათაშვილიდან, რომელნიც შემდეგ გამოცემულ იქნა ცალკე წიგნად (1923 წ.). რუსულ ლექსებს ვბეჭდავ ჟურნალ „Луч“-ში. პირველი ქართული ლექსი დავწერე და დავბეჭდე უნივერსიტეტის გათავების შემდეგ ერთ ქუთათურ გაზეთში (1916 წ.). ვიღებდი მონაწილეობას ქართველი სიმვოლისტების ჟურნალში – „ცისფერ-ყანწებში“. ლექსების პირველი წიგნი „დაისები“ გამოვეცი 1919 წელს. გასაბჭოების შემდეგ ვცხოვრობ და ვმუშაობ ტფილისში. ვცემდი 1923 წლამდე ჟურნალს „მეოცნებე ნიამორები“ – სულ გამოვიდა 11 ნომერი. 1927 წელს სახელგამმა გამოსცა ჩემი ლექსების წიგნი. ვთანამშრომლობდი თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთებში, უმთავრესად ჟურნალ „დროშაში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ საქართველოში“. მაქვს კრიტიკული წერილები – ბარათაშვილზე, გურამიშვილზე, მალარმეზე, ესენინზე, ბრიუსოვზე და ლირიკაზე. ვთარგმნე ბლოკის „თორმეტი“, ეჟენ პოტიეს – „ინტერნაციონალი“, ბაგრაცკის „ათანასე“, დემიან ბედანის „მთავარი ქუჩა“. მაქვს თარგმანები პუშკინიდან, ჰაინედან. ვთარგმნე „ურიელ აკოსტა“ და „ყაჩაღები“ მარჯანიშვილის თეატრისათვის. მაქვს თარგმანები ედგარ პოდან. ეს თარგმანები ეკუთვნის წარსულს წლებს. ახლანდელი ჩემი გზა არის სოციალისტური რეალიზმის გზა. მე მეკუთვნის ლოზუნგი „დაბრუნება მიწასთან“, რომლითაც მე მოვუწოდებდი ჩემს ლიტერატურულ თანამოღვაწეებს რეალისტური შემოქმედების პოზიციისკენ (1925 წ.). ჩემთვის, როგორც პოეტისათვის, უდიდესი როლი ითამაშა ოქტომბრის რევოლუციამ, რომელმაც გააჯანსაღა ჩემი მსოფლხედველობა და ჩემი მუშაობა. ჩვენმა გმირულმა ეპოქამ, ჩვენმა უკვდავმა ბელადებმა – ლენინმა და სტალინმა მოახდინეს ჩემზე უდიდესი გავლენა და მე შეძლებისდაგვარად გამოვეხმაურე ჩვენი დღეების თემატიკას. სიმბოლიზმი უკვე განვლილი ეტაპია ჩემთვის და მე ვცდილობ, ახლანდელ ჩემს ლექსებში სრულიად თავისუფალი ვიყო ჩემი წარსული მეთოდებისგან. წელს (1938 წ.) გამოვიდა ჩემი ლექსების წიგნი გამომცემლობა „ფედერაციაში“.
17 მარტი, 1938 წელი