პირადი ბარათი, ნაწარმოებთა სია და ავტობიოგრაფია – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1950 წლის შემდეგ

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 22597-ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

პირადი ბარათი, ნაწარმოებთა სია და ავტობიოგრაფია

შალვა ნიკოლოზისძე აბხაიძის ავტობიოგრაფია

დავიბადე 1894 წელს, ივლისის 20-ს სოფელ ძუყნურში (ქუთაისის გუბერნია). მამა იყო საქმის მწარმოებელი ქუთაისის საოლქო სასამართლოსი, დედა – დიასახლისი.

საშუალო განათლება მივიღე ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რის დამთავრების შემდეგ 1913 წელს შევედი ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ლენინგრადის სახ. უნივერსიტეტში.

1913-1914 წლებში სტუდენტთა მოძრაობის გამო გარიცხული ვიქენი უნივერსიტეტიდან, ხოლო აღმადგინეს ორი თვის შემდეგ.

მონაწილეობას ვღებულობდი თებერვლის რევოლუციაში.

1917 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი ქუთაისში და დავიწყე მუშაობა ერობაში მდივნის თანამდებობაზე ერთ-ერთ განყოფილებაში.

1920 წელს საცხოვრებლად გადმოვედი თბილისში და დავიწყე მუშაობა დამფუძნებელ კრების ჟურნალში ლიტმუშაკად.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდანვე დავიწყე მუშაობა განათლების კომისარიატის ხელოვნების განყოფილებაში მდივნად. 1922 წლიდან 24 წლამდე ვმუშაობდი გაზეთ „მუშაში“ განყოფილების გამგედ, და სხვ.

ლიტერატურული მოღვაწეობა დავიწყე 1919 წლიდან.

ჩემი ლექსები და კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში. გამოცემული მაქვს სამი წიგნი (ლექსები და მონოგრაფია სახ. არტისტ აკ. ხორავაზე).

ვარ საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის წევრი, თეატრალურ საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და მთარგმნელთა სექციის გამგე საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში. აგრეთვე სამხატვრო საბჭოს წევრი ფილარმონიისა, ვარ წევრი კინომატოგრაფიის სამინისტროს კოლეგიისა.

შეთავსებით ვმუშაობ მთავლიტში.

უმაღლესი საბჭოს დადგენილების თანახმად, დაჯილდოვებული ვარ ორდენით „საპატიო ნიშანი“ და მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“ და „მამაცური შრომისათვის“.

 

. აბხაიძის ნაწარმოებთა სია:

  1. ლექსების რამდენიმე კრებული.
  2. კრიტიკული წერილები და ლექსები.
  3. ლექსების კრებული, 1950 წელს.
  4. მონოგრაფია „აკაკი ხორავა“.
  5. კრიტიკული წერილები და სხვ.