„ცისფერი ყანწები“ პირველი ქართული ავანგარდული ლიტერატურული ჯგუფია, რომელმაც 1916 წლის 28 თებერვალს, პაოლო იაშვილის რედაქტორობით, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოსცა. ქუთაისში ჯგუფის პირველ დემონსტრაციულ გამოსვლას აღწერს ერთ-ერთი წევრის, ტიციან ტაბიძის ბიძაშვილი – გალაკტიონ ტაბიძე.
1918 წელს „ცისფერყანწელთა“ ძირითადი ნაწილი თბილისში გადავიდა და მათ ახალი წევრები შეემატნენ. სხვადასხვა პერიოდში ჯგუფი მწერალთა სხვადასხვა რაოდენობას აერთიანებდა.
1922 წელს პაოლო იაშვილი აღნიშნავდა: „ათი ყანწელის გვარი იცის საქართველომ: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ალი არსენიშვილი, ნიკოლოზ მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე და პაოლო იაშვილი“
1924 წელს ტიციან ტაბიძე სიმბოლური დატვირთვით წერდა: „დარჩება ხსენება იმ ორდენის, რომელსაც ჰქვია „ცისფერი ყანწები“-ს ძმობა, მეგობრობა, რომელსაც შეადგენდენ 13 კაცი და ისტორიულ ანალოგიით, როგორც 13 ასირიელმა მამებმა საქართველოში დათესეს ორტოდოქსი ქრისტიანობა, ისე „ცისფერ ყანწებმა“ ნამდვილი პოეზია ამ განსხვავებით, რომ ასირიელთ მოაწიეს ქრისტიანობას, როგორც პროზელიტებმა, ყანწელები კი მოასწრეს პოეზიას, როგორც მორიელებმა“.
ჩვენს ვებგვერდზე 14 დანამდვილებით ცისფერყანწელია წარმოდგენილი.
1924 წელს ჯგუფის წევრებმა გამოაქვეყნეს განცხადება თავიანთი შემოქმედებითა და საქმიანობით საბჭოთა ნიადაგზე გადასვლის შესახებ.
1932 წლის დადგენილებით ლიტერატურული ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ გაუქმდა არსებობს დადგენილების ორი ვარიანტი: ერთი შალვა აფხაიძის და მეორე – ალი არსენიშვილის ხელით დაწერილი.